კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განიხილავს რამდენიმე ვერსიას, როგორ შეიძლება პარლამენტში პროცესები განვითარდეს მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. ვახუტში მენაბდე წერს, არსებობს რამდენიმე ვარიანტი:
1. უმრავლესობას შეუძლია გაითვალისწინოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები; ამისთვის პარლამენტმა უბრალო უმრავლესობით მხარი უნდა დაუჭიროს სალომე ზირაბიშვილის წინადადებას;
2. პარლამენტს შეუძლია დაძლიოს ვეტო. ამისთვის საჭიროა სამი მოსმენით უკვე მიღებულ კანონს, კიდევ ერთხელ, მინიმუმ 76 დეპუტატმა მისცეს ხმა (ოცნებას 84 აქვს). ასეთ დროს კანონი უკან ეგზავნება სახელმწიფოს მეთაურს ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად. მას ვეტოს გამოყენების უფლება აღარ აქვს;
3. ოცნებას შეუძლია ვეტოს განხილვა გადადოს. განხილვისთვის მას კონკრეტული ვადები არ აქვს. შეუძლია უსასრულოდ “შემოდოს თაროზე” და როცა საჭიროდ ჩათვლის მაშინ დაუბრუნდეს;
4. მმართველ გუნდს შეუძლია არც პრეზიდენტის ვეტოს დაუჭიროს მხარი და არც კანონის სამი მოსმენით მიღებულ ვერსიას. ასეთ შემთხვევაში კანონი უარყოფილად ჩაითვლება და მოიხსნება დღის წესრიგიდან.
როგორც ხედავთ, მე-4 ვარიანტით ოცნებას კიდევ ერთი შანსი აქვს დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა და უარი თქვას კანონზე. რეგლამენტი და კონსტიტუცია ამის შესაძლებლობას აძლევს- წერს ვახუშტი მენაბდე.
კანონზე მოტივირებული შენიშვნები ჯერ არ გამოქვეყნებულა. სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო გუშინ დაადო. ამის შესახებ მან რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ კანონპროექტი, რომელიც მმართველმა პარტიამ მიიღო რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად, არის „რუსული კანონი“.
„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს. ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, გაუმჯობესებას. ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო – ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.