რა შედეგით დასრულდა “მთავარი არხის” გაყიდვების სახლის შემოწმება – მინისტრის განცხადება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ დასრულდა შემოსავლების სამსახურის მიერ ტელეკომპანია მთავარი არხის გაყიდვების სახლის შემოწმება.

“ეს ამბავი გემახსოვრებათ. გამოვლენილი რისკების შესაბამისად, მოთხოვნილი იქნა კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც სრულად წარმოდგენილი იყო გადამხდელის მიერ, რამაც გააქარწყლა ის კონკრეტული რისკის კრიტერიუმი და შესაბამისად ამით დასრულდა შემოწმება.

რაც შეეხება პროცესს – “ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ეს შემოწმებაც დაიწყო და დასრულდა გადასახადის გადამხდელისთვის ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე”.

ასეთი თემით სპეკულირების, პოლიტიკური ქულების დაწერის და საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანის არც პირველი და ალბათ არც ბოლო შემთხვევა იქნება ეს, მაგრამ მიუხედავად ამისა სერვისების გაუმჯობესება აუცილებლად გაგრძელდება”. – წერს ხუციშვილი Facebook-ზე.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 3 კრიტიკულ ტელევიზიაში “შავი ფული ტრიალებს” მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. ტელევიზიამ აღნიშნული ფაქტი ზეწოლად შეაფასა.