რა შეზღუდვები დარჩება ხანგრძლივად ქვეყანაში – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ სლოგანი, რაც დღემდე გვქონდა – „დარჩი სახლში“, თანდათანობით შეიცვლება სლოგანით – „ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება“.

მისი განცხადებით, პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და სხვა მთელი რიგი შემზღუდველი ღონისძიებები ქვეყანაში დიდხანს დარჩება.

„მთელი რიგი შემზღუდველი ღონისძიებები საკმაოდ დიდ ხანს დარჩება. არავის სიამოვნებს პირბადით სიარული დაწესებულების შიგნით, მაგრამ დახურულ სივრცეებში და შეკრებების დრო პირბადე დიდ ხანს დარჩება. სოციალური დისტანცირება, ასევე, დიდხანს დარჩება. ხომ ვიცავთ წესს მაღაზიებში შესვლისას – ძალიან კარგია ეს. თანდათან, ახლა სხვა ტიპის მაღაზიები იხსნება, როგორც ვიცი, იქაც ძალიან კარგად იცავენ წესებს – უზომავენ ტემპერატურას, არის ხელის სანიტაიზერები, შეიძლება ეს ყველაფერ არ გვსიამოვნებს, მაგრამ ეს შეზღუდვები დარჩება, ყოველ შემთხვევაში, ამ შემოდგომაზე, ეს დანამდვილებით ვიცი და მერე ვნახოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პაატა იმნაძის თქმით, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც სავალდებულო იქნება.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 713 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსმა 12 პაციენტი იმსხვერპლა; გამოჯანმრთელდა 475 მოქალაქე.