დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინით ორჯერადად აცრილმა პირებმა შესაძლოა შეზღუდვების პერიოდში შეღავათებით ისარგებლონ. მისი თქმით, ამის შესახებ NCDC საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აპირებს მომავალ კვირაში შესაბამისი ინიციატივით შევიდეს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოში, რომ ამ ადამიანებს შესაბამისი შეღავათები ჰქონდეთ შეზღუდვების პერიოდში. რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, იგივე „კომენდანტის საათის“ დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი.
რამდენიმეზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, სწრაფად და სრულად აიცრას. 15 მაისამდე დაგვიგროვდება 14 000-მდე ორჯერადად აცრილი მოქალაქე, ამ ადამიანებს კი მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან”,– განაცხადა გამყრელიძემ.