რა შემთხვევაში გამკაცრდება კვლავ რეგულაციები – ნათია თურნავას განმარტება

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რა შემთხვევაში გამკაცრდება კვლავ რეგულაციები.

მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი 4%–ს აცდება.

“ჩვენი პროგნოზი ამ ეტაპზე ასე თუ ისე არის დამაიმედებელი. სწორედ ამ პროგნოზიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, თუმცა ისევ ვამბობ, რომ როგორც გვიჩვენა პანდემიამ, არ შეიძლება გრძელვადიანი გეგმა დასახო. აქედან გამომდინარე, ისევ ვაკვირდებით დღიური ინფიცირების მაჩვენებელს და ე.წ. დადებითობის მაჩვენებელს. ჩვენ ამაზე [რეგულაციების გამკაცრების შესახებ] წინასწარ ვიტყვით, ყველა დაინახავს, თუკი დადებითობის მაჩვენებელი კვლავაც ავა 4%–ზე ზევით, ჩვენ გვქონდა 11%–ით ამ რამოდენიმე ხნის წინ, მაგალითად, თბილისში და ცხადია, ეს იყო ჩვენთვის წითელი შუქი”,– ამბობს ნათია თურნავა.

ცნობისთვის, დღეს ხელისუფლებამ რეგულაციების ნაწილი მოხსნა. კერძოდ, 8 თებერვლიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა შაბათ–კვირისა, ხოლო 15 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ რესტორნების ღია სივრცეები და სკოლები.