უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან მოლაპარაკების მაგიდასთან დაყენებული წინადადება და ულტიმატუმი, თუკი მათი რიტორიკა ისევ იქნება ისეთი რადიკალური, როგორც აქამდე იყო, ბუნებრივია, კომპრომისზე საუბარი ზედმეტია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, როგორც კი ოპოზიცია პოზიტიური გაგებით წითელ ხაზს გადაკვეთს და ულტიმატუმებს მოხსნის დღის წესრიგიდან, მმართველი პარტიის მხრიდან იქნება შემხვედრი წინადადებები.
„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ფასილიტატორი ელჩები ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი უკვე იყოს შედეგიანი. ჩვენ ვხედავთ მათ შესაბამის მოქმედებებს, ისინი უკვე ცალ-ცალკე ხვდებიან პარტიების წარმომადგენლებს. მგონი, ყველასთვის ცხადია ამ შეხვედრებიდან გამოსული პოლიტიკოსების განცხადებების პათოსი. ვფიქრობ, რომ ისინიც კომპრომისულ წინადადებებზე იფიქრებენ, იმსჯელებენ და პარლამენტში შემოვლენ იმისთვის, რათა თავისი პოზიცია დააფიქსირონ საპარლამენტო ტრიბუნიდან და ბოლოს და ბოლოს პატივს სცემენ თავიანთ ამომრჩეველს, რომლებმაც დაავალეს, რომ მათ მიიღონ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა.
როგორც კი წითელ ხაზს გადაკვეთენ, ამ შემთხვევაში, პოზიტიური გაგებით, ბუნებრივია, შემხვედრი წინადადებებიც იქნება ჩვენი მხრიდან, თუ ისინი იფიქრებენ და თავის კონკრეტულ გადაწყვეტილებას ასახავენ ამ ულტიმატუმის ჩახსნაში, ამ შემთხვევაში, უკვე ყველა ვხვდებით, რომ შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ოპოზიცია ბევრ თემას შეეხო და ყველა მათგანზე შესაძლებელია საუბარი, გარდა ქართველი ამომრჩევლის ნებისა და გადაწყვეტილების გადახედვისა.
„მე ვიმედოვნებ, მწამს და მჯერა, რომ ისინი ამ რადიკალური პოზიციიდან გამოვლენ და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაიდება ისეთი წინადადები, რომელზეც იქნება შესაძლებელი მსჯელობაც და გადაწყვეტილების მიღებაც,“- განაცხადა მდინარაძემ.