ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე პრეპარატ დექსამეტაზონზე გამოქვეყნებულ კვლევებს ეხმიანება და ამბობს, რომ პირველადი შედეგები “დიდებულია”.
მან IPN-ს უთხრა, რომ ამ პრეპარატს საქართველოშიც იყენებენ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში.
“რა თქმა უნდა, ჩვენც ვიყენებთ პრეპარატ “დექსამეტაზონს” კოვიდიან პაციენტებში. კოვიდ 19-ით ავადმყოფებში, ვირუსის ზეგავლენით გამოთავისუფლდება მთელი რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ე.წ. ციტოკინები და ციტოკინების გამოთავისუფლება დიდი რაოდენობით, თავიდან დაცვის როლს თამაშობს, თუმცა, შემდეგ, როცა ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა, შეიძლება იმუშაოს ორგანიზმის წინააღმდეგ. “დექსამეტაზონი” ამ ციტოკინურ შტორმს ანუ ანთების მედიატორების, ძლიერი ანთებითი რეაქციის გამომწვევი ციტოკინების გამოყოფას ამცირებს. მაგრამ ამისთვის არსებობს გაცილებით ეფექტური მეთოდები სხვა – ტოცილიზუმაბი, არის ასევე, სპეციალური ფილტრები… ეს მეთოდები უპირატესია, უფრო ეფექტურია, ჩვენ მათ ვიყენებთ. მაგალითად, რამდენიმე ავადმყოფი რომლის შემთხვევაც შესაძლოა ლეტალურად დასრულებულიყო, გადავარჩინეთ, ამ მეთოდებით”, – ამბობს ცერცვაძე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ დექსამეტაზონს მაშინ იყენებენ, როცა უფრო ეფექტურ მეთოდებს უკუჩვენებები აქვს და ძვირია. დექსამეტაზონი კი იაფი პრეპარატია.
“დექსამეტაზონი” გამოიყენება მაშინ, როცა იმ მეთოდებს ვერ ვიყენებთ რაღაცის გამო: 1. აქვს უკუჩვენებები და 2. ძვირია. ამ დროს ვიყენებთ “დექსამეტაზონს”. ეს არის იაფი ალტერნატიული გამოსავალი, რომელიც ისე ეფექტური არ არის, როგორც ისინი, მაგრამ ნაწილობრივ ეფექტურია, ამცირებს ანთების გამომწვევი ციტოკინების რაოდენობას, იოლი გამოსაყენებელია. ისინი რთული გამოსაყენებელია და ძვირია. თუმცა, ამასაც აქვს უარყოფითი შედეგები და დიაბეტით ავადმყოფებში ვერ გამოიყენებ. დიაბეტს აუარებს. თუ პაციენტს დიაბეტი არ აქვს ან მსუბუქი ფორმა აქვს, მაშინ შეიძლება “დექსამეტაზონის” გამოყენება,”- განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, დექსომეტაზონს კორონავირუსით სერიოზულად დაავადებული პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის უნარი აღმოაჩნდა. ბრიტანელი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სტეროიდების დაბალი დოზებით მკურნალობა კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი გარღვევაა.
მან მესამედით შეამცირა იმ პაციენტების სიკვდილიანობის რიცხვი, ვინც ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე არიან შეერთებული. მათში კი, ვისაც ჟანგბადი ხელოვნური გზით მიეწოდებათ სიკვდილიანობა ხუთჯერ შეამცირა.