“რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?” – ამ ლოზუნგით, კანცელარიასთან უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მათი მთავარი მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებაა.
“მოთხოვნა არის, რომ დაუყოვნებლივ შეუშვან პანსიონში სახალხო დამცველი, მეორე მოთხოვნა არის ის რომ დაისალოს ბავშვთა სახლები და გადანაწილდნენ ეს ბავშვები მიღებ ოჯახებში ან თავის ოჯახებში ან მცირე ზომის ბავშვთა სახლებში.
აქციის დასასრულს, ამ გადაკერებულ ზეწრების პეტიციაზე, ხალხი მარკერებით მოაწერს ხელს და შემდეგ ამ პეტიციას მივიტანთ პარლამენტში და პარლამენტის დეპუუტატებს მოვთხოვთ იმოქმედონ და დაიცვან ბავშვები.”- განაცხადა ნატა ფერაძემ.
ცნობისთვის, 15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. 19 მაისს, სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.