თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ოპონენტების მხრიდან გაკეთებული განცხადებები აბსურდული და მძიმე მოსასმენია.
მან ირაკლი კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით თქვა, რომ კარგი იქნება, თუ ოპონენტები ხელისუფლებას მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გასახორციელებელ სამუშაოებში შეუერთდებიან, რადგან ეს საბოლოოდ მათ წაადგებათ.
„ირაკლის პოსტი მე არ მინახავს, თუმცა, რასაც ვისმენ ბოლო დღეებში ოპონენტების მხრიდან არის ძალიან მძიმე მოსასმენი. რეალობას აცდენილები არიან აქაც, აბსურდულ განცხადებებს ვისმენთ, თუმცა ვფიქრობ, ამის დრო არ არის. ჩვენ ვართ ორიენტირებულები და კონცენტრირებულები, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოება. თუ ისინი ამ ყველაფერში შემოგვიერთდებიან, მხოლოდ და მხოლოდ მათ წაადგებათ საბოლოოდ“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ,,პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ტელევიზიების, „ტროლებისა“ და „ბოტების“ მხრიდან ექიმების, შეზღუდვების და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა ზომების კრიტიკა პანდემიის დროს, პოლიტიკური მაროდიორობაა.”
ამას ,,ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის კრიტიკა მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება, რომელსაც შიმშილის წინაშე დარჩენილი ათასობით ოჯახისთვის რეალური დახმარების შეთავაზება არ შეუძლია, ექიმების ზურგს ეფარება.