ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დავით გარეჯის საქმის წარმოების რეალური მოტივაცია არის, რომ დაკავებულებმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მისცენ ჩვენება.
მისი თქმით, ექსპერტები პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და ენმ აქტიურად დაიწყებს მათი გათავისუფლებისთვის ბრძოლას.
“მინდა, მივმართო დაკავებულების ოჯახებსა და მათ მეგობრებს და დავამშიდო ისინი, წარმომიდგენია, რამხელაა შოკი, რომელიც მათ მიიღეს, როდესაც სრულიად უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ განხორციელდა სამართლებრივი დევნა. მსურს, მათ განვუმარტო, რომ მათი ოჯახის წევრები დროებით გაუგებრობაში მოყვნენ. იმ გაუგებრობაში, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება, როდესაც არჩევნებთან ერთად დასრულდება ის უკანონობა რასაც დღეს აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი”, – ამბობს სამადაშვილი.
მისივე განმარტებით, აბსურდულია განაცხადი, რომ შეთანხმებაა მიღწეული რაიმე ტერიტორიების გადაცემაზე:
“ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარე რეჟიმშია მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის.
ამ პროცესში, როცა აზერბაიჯანი არის საომარ მდგომარეობაში, საქართველოს ხელისუფლების განაცხადი, რომ წინა ხელისუფლების დროს გადაეცა მათ ტერიტორიები, გაუგებარია და დამატებით უზარმაზარ საფრთხეს აჩენს ჩვენს რეგიონში.
რეალური მოტივაციაა, დაკავებულმა ადამიანებმა მისცენ ჩვენება წინა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. დაკავებული ექსპერტები პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მსხვერპლნი არიან”, – აცხადება სალომე სამადაშვილი.
დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ბრალდებით 2 პირი დააკავა. დაკავებული არიან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.