რეალური შანსია რევანშის.. კვოტებით გინდათ გადალახოთ ეს პროცესი?- გოგიჩაიშვილი უმრავლესობას მიმართავს

რეალური შანსია რევანშის.. კვოტებით გინდათ გადალახოთ ეს პროცესი? – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა რიგგარეშე პლენარულ სესიაზე, სადაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.

„მე არ ვიცი, თქვენ რისი გამკეთებლები ხართ. ვანო მერაბიშვილს ბორჯომში 130-კაციანი სუფრა არ გაუკეთებია ბოლო 10 წლის განმავლობაში, იქიდან 7 ციხეში იჯდა, მაგრამ მანამდეც ვერ ბედავდა ბორჯომში ჩასვლას. როგორ უშვებთ იმას, რომ ეს ადამიანი, ეს ნაგავი დადის, აგროვებს თავის ყოფილ ჯალათებს, ხვედელიანს, რომელიც სექსუალურ ძალადობაში იყო დამნაშავე და არ მიეცით პასუხისგებაში, კრებს ამ თავის ზონდერებს სხვადასხვა რეგიონში და ამ დროს რას აკეთებს „ქართული ოცნება“, რომ ვანო მერაბიშვილს აძლევს კარტბლანშს, ჩაატაროს არჩევნები ძალიან მაგრად? რას აკეთებთ იმისთვის, რომ ესენი ქართულ პოლიტიკაში არ იყვნენ? ხვედელიანს, რომელმაც სექსუალურად იძალადა, ხელს ადებდნენ და ეს ადამიანი ახლა ემზადება არჩევნებისთვის და ჩვენ აქ კვოტებზე ვსაუბრობთ. რეალური შანსია რევანშის და რას აკეთებთ თქვენ ამისთვის?- კვოტებით გინდათ გადალახოთ ეს პროცესი? გინდათ, რომ ვანო ჩხარტიშვილმა მოიგოს? – ვერ მოიგებს ვანო ჩხარტიშვილი არჩევნებს, არავის უყვარს ვანო ჩხარტიშვილი, 30 წელია ფულს იპარავს, ღრღნის ამ ქვეყანას ვანო ჩხარტიშვილი და ერთი მთავრობა არ გამოდგა ბორკილები დაადოს და გააგზავნოს იქ, სადაც საჭიროა, იმიტომ, რომ კორუფცია ყვავის საქართველოში, ყველა მერი კორუმპირებულია, ტენდერებზე მიდის ფულის შოვნა,“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.