რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა, ბილეთებს ნუ იყიდით – ავიაციის სააგენტო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ბილეთების ყიდვისგან, რადგან რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა.  სააგენტოს ინფორმაციით, გაგრძელდება მხოლოდ ჩარტერული რეისები რამდენიმე მიმართულებით.

“გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით (31.07.20). აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით.

ამასთან გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე, გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნულ ავიარეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი გახდება ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე”,– წერია სააგენტოს განცხადებაში.

დღეს ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ივლისის ბოლომდე რეგულარული ფრენების სრული მასშტაბით აღდგენა, უპასუხისმგებლობა იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან გაიხსნა, საერთაშორისო ტურიზმი კი პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო.