პრეპარატ სემაგლუტიდის კლინიკურმა კვლევებმა ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ამ პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურა. ეს პრეპარატი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა.
მეცნიერების თქმით, ამ კვირაში ჟურნალ New England Journal of Medicine–ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები იმდენად დამაჯერებლად გამოიყურება, რომ სემაგლუტიდმა შეიძლება ნამდვილი რევოლუცია მოახდინოს სიმსუქნესთან ბრძოლაში.
პრეპარატის ყოველკვირეული მიღების დაწყებიდან ერთ წელიწადში ექსპერიმენტის მონაწილეებმა საშუალოდ 15 კილოგრამი ზედმეტი წონა დაიკლეს, ამასთან მათმა ორმა მესამედმა წონის მინიმუმ 10% დაკარგა.
საკონტროლო ჯგუფის პაციენტებმა, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ, სულ 3 კილო დაიკლეს.
“მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ მოძებნონ წონის დასაკლები წამალი. უამრავი პრეპარატი გამოიცადა, თუმცა მათი უმრავლესობა ან არასაკმარისად ეფექტური იყო, ან გვერდითი ეფექტები ქონდა. ამიტომაც მათზე უარი თქვეს. ამ კვლვაში კი კლინიკურად მნიშვნელოვანი წონის კლება იმ ჯგუფის პრეპარატების დახმარებით მოხდა, რომლებმაც დიდი ხანია დაამტკიცეს მათი უსაფრთხოება მეორე ტიპის დიაბეტის მკურნალობისას. საჭირო იყო მხოლოდ იმაში დარწმუნება, რომ შედეგი გრძელვადიანი იქნებოდა და დაკლებული წონა აღარ დაბრუნდებოდა“– ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი კიტ ფრეინი.
ამ ჯგუფის პრეპარატები ბევრ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და ენდოკრინოლოგების აზრით პაციენტებს არა მხოლოდ წონის კონტროლში, არამედ სტრესთან გამკლავებაშიც ეხმარება, რომელიც კვებითი ქცევების დარღვევას იწვევს, რასაც შესაძლოა დიაბეტის განვითარება მოჰყვეს.
კლინიკურ კვლევებში, რომლებიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა მონაწილეობა მიიღო 2000–ზე მეტმა ადამიანმა 16 ქვეყნიდან. მათ შორის არ იყვნენ დიაბეტით დაავადებულები, თუმცა ყველა მონაწილეს ზედმეტი წონა ჰქონდა.
სხეულის მასის ინდექსი, რომლის ნორმა 25 –ია, მათ შემთხვევაში 30–ზე ნაკლები არ ყოფილა, რაც გასუქების კლინიკურ განსაზღვრებას შეესაბამება.
თავიდან პაციენტებში სასწავლო კურსი ჩაატარეს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და მავნე ჩვევებზე უარის თქმის შესახებ. ამის შემდეგ მონაწილეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ორ ჯგუფად დაყვეს: ორი მესამედი ყოველკვირეულად იღებდა სემაგლუტიდის დოზას (2.4 mg კანქვეშა ინექციის გზით). დანარჩენ მონაწილეებს კი პლაცებოს ნემსს უკეთებდნენ.
ექსპერიმენტის შედეგები 68 კვირის შეაჯამეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტები დღიურს აწარმოებდნენ, რომელშიც მათ მიერ მიღებული პროდუქტების და ფიზიკური ვარჯიშის შესახებ ინფორმაცია შეყავდათ.
შედეგში სხვაობა მოულოდნელი აღმოჩნდა თავად ორგანიზატორებისთვის: მონაწილეები, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ საშუალოდ 2.4 %–ით გახდნენ სხეულის თავდაპირველ ინდექსთან მიმართებაში, იმ პაციენტებმა კი, რომლებიც სემაგლუტიდს იღებდნენ წონის თითქმის 15% დაიკლეს.
ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სტატისტიკური მედიცინის პროფესორი, ბატისტ ლიორანი, რომელიც კვლევებში არ მონაწილეობდა ამტკიცებს, რომ ის ყველა მოთხოვნის შესაბამისად ჩატარდა და მისი აზრით შედეგებში დაეჭვების არანაირი მიზეზი არ არსებობს.
“თუ ექსპერიმენტის არსს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ სხვაობა სემაგლუტიდით მკურნალობის შედეგია. გახდომასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაში ყველაზე რთულია იმის მიღწევა, რომ რაც შეიძლება ნაკლები მონაწილე გავიდეს ექსპერიმენტიდან მის დასრულებამდე. ამ შემთხვევაში ბოლომდე მივიდა მონაწილეთა 90%, ეს კი საუკეთესო შესაძლო შედეგია“– ამბობს ის.
მიუხედავად ზოგიერთ მონაწილეში გვერდითი ეფექტების, მაგალითად დიარეის ან გულისრევის აღნიშვნისა, პროფესორი ლიორანი ამბობს, რომ სემაგლუტიდს წონასთან ბრძოლაში ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეუძლია.