ვიცე პრემიერის და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განაცხადებით, გავრილოვის ღამეს რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება პოლიციელებმა თვითონ მიიღეს, რადგან მათზე შტურმი მიმდინარეობდა. მისი თქმით, ეს არ ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილის ან განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს დავალება.
,,ყველასთვის თვალსაჩინო იყო, რომ პოლიციელებზე მიმდინარეობდა მიზანდასახული შტურმი. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავდით, როგორ იტაცებდნენ პოლიციელებს დაცვის ზოლიდან, როგორ ართმევდნენ მათი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს. ძალიან ბუნებრივი იყო ის რეაგირება, რომელიც აღნიშნული პოლიციელების მხრიდან განხორციელდა.
რა თქმა უნდა, სამწუხარო იყო, რომ ამ რეაგირებას ცალკეულ შემთხვევებში ტრაგიკული გამოვლინებები მოყვა, რომელსაც მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანება ჰქვია, მაგრამ ყველანი ვხედავდით, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება არ ატარებდა მიზანდასახულ ხასიათს. ეს არ იყო მინისტრის ან მისი მოადგილის, ან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, ეს იყო იმ პოლიციელების გადაწყვეტილება, რომლებზეც მიმდინარეობდა შტურმი, რომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა აღმოჩნდა რისკის წინაშე”, – თქვა მაია ცქიტიშვილმა.
20-21 ივნისის მოვლენებზე სახალხო დამცველის 2 აპრილს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის მიხედვით, მაშინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას და მისი მოადგილეების – კახაბერ საბანაძის და ვლადიმერ ბორცვაძის ჩვენებების თანახმად, ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მათი ბრძანებით მოხდა, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ.
ანგარიშის მიხედვით, რაციების ჩანაწერითაც დასტურდება, რომ შს მინისტრს აქციის დაშლის პერიოდში რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუცია. თუმცა, სახალხო დამცველის განცხადებით, მისი რეკომენდაცია რაციების ჩანაწერების ექსპერტიზის შესახებ, პროკურატურამ არ შეასრულა