“ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე დღეშია. ჩვენი გაჭირვება არ ჰგავს უკრაინისას, მაგრამ რაღაც აზრით ის უარესია.
უკრაინას ჰყავს მთავრობა, რომლის გარშემო ერის უდიდესი უმრავლესობაა გაერთიანებული. უკრაინელების გმირობას მთელი მსოფლიო აღფრთოვანებით უყურებს.
ჩვენი ერის ძალიან დიდ, ყველაზე აქტიურ და მოაზროვნე ნაწილს რცხვენია მისი ხელისუფლების. რაც არ უნდა ვიძახოთ „მე ამათთვის ხმა არ მიმიცია“ ან „არჩევნები გაყალბდა“, ვერ უარვყოფთ ფაქტს, რომ მხოლოდ მას, „ქართული ოცნების“ მთავრობას შეუძლია ჩვენი ქვეყნის სახელით ლაპარაკი. (ის, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მისგან განსხვავებულად წარმოგვადგენს, კარგია, მაგრამ სიტუაციას არსებითად არ ცვლის).
რა შეიძლება გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? ჩვენ უკვე გავაგებინეთ უკრაინასაც და მსოფლიოს პატიოსან ნაწილსაც, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება, სხვა ვართ და ხელისუფლება სხვაა. ამის გაკეთება აუცილებელი იყო. ეს ამოცანა უკვე შესრულებულია, მაგრამ ეს საკმარისი ვერ იქნება. რა იქნება საკმარისი? ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა.
მაგრამ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას, თან ისე, რომ ქვეყანა არ დავაზიანოთ? ეს ძალიან რთული კითხვაა. მასზე პასუხი არ გვაქვს და ამის გამო ერთმანეთზე ვბრაზდებით. გვგონია, რომ ვიღაცამ პასუხი უნდა იცოდეს: მიტინგების ორგანიზატორებმა, ზოგადად „ოპოზიციამ“ (თუმცა ვერასოდეს შევთანხმდებით, კონკრეტულად ვინ). არა, ამას არავინ გვეტყვის, რადგან ეს არავინ იცის (ან რომც თქვას, ვიციო, არ დავეთანხმებით).
ამიტომ ამაზე ყველამ უნდა იფიქროს: ვინც მიტინგებზე დადის, ან შეიძლება არც დადის, მაგრამ ვისთვისაც არსებული ვითარება მიუღებელია. ვინც რაღაცის გაკეთებას ცდილობს, იმაზე გაბრაზება სისულელეა, მეტიც, უმწიფრობაა. გაბრაზების უფლება შეიძლება მხოლოდ მას, ვისაც უკეთესი და კონკრეტული იდეა აქვს.
მე რა მგონია? პირველ რიგში, უფრო ადვილს ვიტყვი.
1. დიახ, მიზანი უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა. არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ის რაღაცნაირად უკეთ მოიქცევა. მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რაღაც შუალედური მოთხოვნებიც გქონდეს.
2. არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ამ მიზნის მიღწევა სწრაფად იქნება შესაძლებელი. მზად უნდა ვიყოთ ხანგრძლივი პროცესისთვის და ადვილად არ უნდა დავიღალოთ. მოუთმენლობის გრძნობა გასაგებია, მაგრამ მას არ უნდა ავყვეთ.
3. ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება მოპროტესტე საზოგადოების მხრიდან დაუშვებელია, ის მაშინვე დაასუსტებს მოძრაობას და ხელისუფლებისთვის (და რუსეთისთვის) არის მომგებიანი.
4. არანაირი გამოკვეთილი ლიდერი ამ მოძრაობას არ სჭირდება. ამაზე ლაპარაკიც კი მხოლოდ დაასუსტებს მოძრაობას, რადგან გაყოფს მას, ერთიანობა კი გადამწყვეტია.
5. პოლიტიკოსებმა პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაგრამ მთლიანობაში ეს უნდა იყოს სახალხო მოძრაობა. მე არ მჯერა გამოთქმის „არაპოლიტიკური პროტესტი“, მაგრამ ბევრი ადამიანები პოლიტიკოსებს არ ენდობა; ეს უნდა მივიღოთ, როგორც (სამწუხარო) რეალობა და აქედან ამოვიდეთ.
6. უნდა გვახსოვდეს, რომ ოპონენტი არის არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ საზოგადოების ნაწილიც. „რუსეთის არგაღიზიანების“ თეზისს რეალური მომხრეები ჰყავს. ეს შეიძლება გვაბრაზებდეს, მაგრამ ამ ხალხის აზრსაც აქვს არსებობის უფლება. მათ კი არ უნდა ვაგინოთ, არამედ აზრი შევაცვლევინოთ (ზოგჯერ შევძლებთ, ზოგჯერ არა).
7. უნდა შევეგუოთ, რომ ტაქტიკური განსხვავებები იქნება. ვიღაცა შეცდომად მიიჩნევს ოპოზიციის პარლამენტში ყოფნას, მე პირიქით ვთვლი. ვიღაცა თვლის, რომ მიშას განთავისუფლების მოთხოვნა უნდა დაისვას აქციებზე, მე ვთვლი, რომ ეს არასწორია (თუმცა თავისთავად მოთხოვნის შინაარსს სრულიად ვეთანხმები). ვიღაცა თვლის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენების მოთხოვნა სისულელეა, მე მგონია, რომ ამას არაფერი უჭირს (თუ მთავარს, რეჟიმის შეცვლას, მხედველობიდან არ გავუშვებთ). უნდა ვისწავლოთ შეთანხმება იმაზე, რომ რაღაცეებზე ვერ შევთანხმდებით, და ამას არა უშავს.
8. საბოლოო ჯამში ეს არის მორალური ბრძოლა. ჩვენ გვაქვს უდიდესი მორალური უპირატესობა, ის უნდა გავზარდოთ და არა გავფლანგოთ. ამ შემთხვევაში გამარჯვება აუცილებლად მოვა”
წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ზე.