რეჟიმის ცვლილების შემდეგ უკანონოდ დაჯარიმებული აქტივისტები ორმაგ კომპენსაციას მიიღებენ – ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, აქტივისტებს, რომლებსაც უკანონოდ დააკისრეს ჯარიმა ან დააპატიმრეს, ჯარიმის ორმაგ კომპენსაციას გადაუხდის სახელმწიფო. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო.

“ნაციონალურ მოძრაობაში მიღებულია გადაწყვეტილება, როგორც კი შეიცლება რეჟიმი, ყველა სამოქალაქო აქტივისტი, ყველა ადამიანი, რომლებიც დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური ნიშნით აქციაზე, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის და იყვნენ დაჯარიმებულები, ყველა ეს ჯარიმა იქნება ჩამოწერილი და პლუს ამას, მათ გადაეხდებათ მინიმუმ ორმაგი კომპენსაცია. ანუ, ყველა პირი, ვინც აქციზე გამოხატვის თავისუფლებისთვის უკანონოდ დააკავეს, ამ ადამიანებს გადაეხდებათ ორმაგი თანხა, რაც ამ დრომდე დააკისრა ქართულმა ოცნებამ.

ასევე, ყველა ადამიანი, ვინც ამ დროის განმავლობაში იყო რეჟიმის მსხვერპლი და აქციაზე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ჰყავდათ და ჰყავთ ციხეში, ყველა ეს საქმე იქნება ინდივიდულურად იქნება გადახედილი და მათაც და მათ ოჯახის წევრებსაც, სახელმწიფოსგან გადაეხდება კომპენსაცია”,– განაცხადა ხაბეიშვილმა ბრიფინგზე.

მანვე აღნიშნა, რომ ყველა პოლიციელი და მოსამართლე, რომელიც პოლიტიკური ნიშნით იღებეს გადაწყვეტილებას, სჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს, ამიტომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მათ მიმართ სამართლებრივი ღონისძიებები გატარდება.