რეჟიმი უცხოეთში მყოფ ქართველებს ეუბნება, რომ თქვენ არ ხართ ჩვენი შვილები – ზურაბიშვილი

“რეჟიმი უცხოეთში მყოფ ქართველებს ეუბნება, რომ თქვენ არ ხართ ჩვენი შვილები” – განაცხადა  საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გამართულ ბრიფინგზე.

“ჩვენ ყველას გვყავს ვიღაც, ვინც ცხოვრობს ემიგრაციაში, საქართველოდან წასულია მილიონზე მეტი და დღეს უკვე ალბათ მილიონ-ნახევარზე ავიდა ეს ციფრი. ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ ნაწილი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ნამდვილად რესურსი ამ ქვეყნის ყველა მხრივ. ყველამ ვიცით, თუ რამდენად ტრანსფერებიდან ხორციელდება ის ფულის გადმორიცხვები, რომელიც ავსებს ბიუჯეტს, რომელსაც დღეს, როგორც ჩანს, ძალიან უჭირს.

ჩვენი ქვეყნის ეს ნაწილი, რომელიც წასულია ამ ქვეყნიდან იმიტომ, რომ სწორედ სახელმწიფომ ვერ შეძლო მათთვის ვერც იმ პოლიტიკური პირობების შექმნა, ვერც ეკონომიკური პირობების შექმნა, რომელიც ამ ადამიანებს ან დააბრუნებდა. ამიტომ, არსებობს სახელმწიფოს ვალდებულება მათ მიმართ, რომ ყველანაირად შეუნარჩუნონ მათ კავშირები ქვეყანასთან, რადგან მეტი ძალა პატარა ქვეყნებს, როგორიც ჩვენია არ გააჩნიათ, თუ არა ეს დიასპორა.

თუ გვინდა მაგალითები, გადავხედოთ როგორ ეპყრობიან სხვა პატარა ქვეყნები, მაგალითად ისრაელი თავიანთ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვრებს მიღმა ცხოვრობენ, ის უყურებს ამ მოქალაქეებს, როგორც მათ საგანძურს, რომელსაც უფრთხილდებიან, ცდილობენ დააბრუნონ და ყველანაირად ხელს უწყობენ.

ჩვენთან სულ სხვანაირად არის, არაფერი არ კეთდება იმისთვის, რომ მათ ხელი შევუწყოთ, რომ მათ შევუქმნათ რამე ახალი პირობები, რომ დაბრუნების სურვილი გავუჩინოთ და პირიქით, ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ იგრძნონ რომ განთხეთქილებაა, მათ და ჩვენს შორის.

ჩემს პასუხისმგებლობად ვგრძნობ ამ საკითხს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მე ვიყავი იმ კანონის სათავეში, რომელმაც ბოლოს და ბოლოს, დიდი ხნის მერე, გააჩინა საშუალება ყველასთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა მიეღოთ და შეენარჩუნებინათ საქართველოს მოქალაქეობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნისთვის. ადამიანი არ უნდა იყოს იძულებული, რომ არჩევანი გააკეთოს, იმ ქვეყნის მოქალაქეობას, სადაც მისი კარიერა ან ცხოვრებაა და თავის სამშობლოს შორის, ეს არჩევანი შენ არ უნდა დაუყენო მას წინ.

იმის მერე, რაც ვიყავი ამ კანონის სათავეში პრაქტიკულად 6 წელი, სანამ ვიყავი პრეზიდენტის მანდატით უშუალოდ, არ შემიჩერებია ბრძოლა და ნამდვილი ბრძოლა იყო იუსტიციის სამინისტროსთან და სხვადასხვა უწყებებთან, იმისთვის, რომ გამარტივებული ყოფილიყო ეს ორმაგი მოქალაქეების მიღება და დაბრუნება საქართველოს მოქალაქეობის, იმის მაგივრად, რომ ეს ჩვენ გაგვემარტივებინა, ძალიან გავართულეთ, ტესტირება ამას ყველა გეტყვით, თანხები, რომელსაც ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, მითუმეტეს, როცა ოჯახს ეხება ეს, არის საკმაოდ დიდი თანხები და ამ ყველაფრით ჩვენ, იმის მაგივრად რომ ვუთხრათ, რომ მოდით იყავით ჩვენი ნაწილი, ვეუბნებით, რომ არა შენ იქ იყავი, ოღონდ შენ ფული გამოაგზავნე საქართველოში.

ამიტომ, დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელსაც ბატონი პაპუაშვილი აცხადებს ესოდენ სიამაყით, რომლითაც ჩვენ მათ ვართმევთ საარჩევნო უფლებას, არის კიდევ უფრო გაუგონარი და გამაოგნებელი.

მე არავის არ ვიცავ, სულ არ მაინტერესებს ის ადამიანები, ის მილიონ-ნახევარი, ვინც უცხოეთშია, რომელ მხარეს არის, თუ ვინმე არის ამათ მხარეს, მაგრამ ის არ მაინტერესებს ვის მისცემდნენ ხმას, აქ ლაპარაკია მათ უფლებაზე, რომ იყვნენ ამ ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეები. თუ გაქვს ამ ქვეყნის პასპორტი და მოქალაქეობა, ის უფლებაც უნდა გქონდეს, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის ის აქტი, რითაც შენ დგები, როგორც ქვეყნის მოქალაქე და ის, რაც გაკეთდა ბოლო არჩევნებზე, დისკრიმინაცია, რომელზეც დღეს ბჭობს ალბათ სტრასბურგის სასამართლო და საჭიროა უფრო სწრაფად იმსჯელოს ამ საკითხზე, დისკრიმინაცია ჩვენს უცხოეთში მყოფ მოქალაქეების მიმართ არის სრული დარღვევა ყველა კონსტიტუციური პრინციპების.

დღეს, მე გული მტკივა იმ ქართველებზე, რომელიც ამ ქვეყნისთვის იღწვიან იქ, სადაც არიან, რომელთაც აქვთ ერთი სურვილი, რომ დაბრუნდნენ ამ ქვეყანაში, მაგრამ დაბრუნდნენ სრულყოფილად, დღეს, ეს რეჟიმი მათ ეუბნება, რომ თქვენ არ ხართ ჩვენი შვილები.” – თქვა ზურაბიშვილმა.