რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ავალიანი გადადგა. ამის შესახებ იმედის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა. მას ამ პოზიციაზე თეა თავართქილაძე ჩაანაცვლებს.

“რესპუბლიკურის პროტესტი არ განახლებულა. ვფიქრობ, რომ წინა დღეებთან შედარებით პროტესტი მინელებულია და გუშინდელი შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ, პოზიტიურ ტალღაზე იყო. ყველა ის დეტალი გავიარეთ, რაც ამ მომენტისთვის ჩვენთვის ცნობილია. ყველა სავარაუდო კითხვას, რაც კი შეიძლება ყოფილიყო ჩვენ მიმართ ამომწურავად ვუპასუხეთ და გვქონდა შესაძლებლობა, რომ დახურულ ფორმატში ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი კითხვებისთვის გვეპასუხა. იყო მცირედი ინციდენტი, როცა ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში მიდიოდა კითხვა-პასუხი და მოხდა სამწუხარო ფაქტი, აუდო ჩაწერის და შემდეგ უკვე, ერთ-ერთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტელევიზიას გადასცდეს ეს ჩანაწერი, რაზეც მომზადდა სრულიად აბსურდული სიუჟეტი. ამ სიუჟეტშიც კარგად ჩანდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად კონსტრუქციულად მივყვებოდით ყველა საკითხს. ამ მომენტისთვის ყველა შესაძლო საკითხი ამოწურულია და არანაირი საფუძველი პროტესტის გაგრძელების არ არსებობს”. – თქვა აზარაშვილმა იმედთან ინტერვიუში.