რიგგარეშე არჩევნები ტარდება იქ, სადაც არჩევნები ყალბდება, მსგავსი რამ არ ყოფილა – კალაძე

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, რადგან ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა არჩევნები ყალბდება.

“რიგგარეშე არჩევნები ტარდება იქ, სადაც ხდება არჩევნების გაყალბება, მსგავსი რამ ქვეყანაში არ ყოფილა, არჩევნები ჩატარდა ძალიან მაღალ დონეზე. ამას მოჰყვა შესაბამისი შეფასებები საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან. იყო პატარა, მცირე ხარვეზები როგორც საარჩევნო პროცესის დროს, ისე არჩევნების დღეს, თუმცა რა იყო ამის გამომწვევი მიზეზები, ამაზე ჩვენ წინასწარ ვსაუბრობდით, იმ პროვოკაციებზე, მიზანმიმართულ დაძაბულობის შემოტანაზე, მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ”,- თქვა კალაძემ.

მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.