რიგგარეშე არჩევნებს გამოვაცხადებთ, თუ საგამოძიებო კომისია გადახრას დაადგენს – კობახიძე

ქართული ოცნების ერთი–ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეკრებისთანავე დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას, ხოლო თუ ეს კომისია დაადგენს, რომ არჩევნები დარღვევებით წარიმართა, გამოაცხადებენ რიგგარეშ არჩევნებს და თავად დატოვებს თანამდებობას.

“პირველი შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიქეტს, მათ შორის, დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. საპარლამენტო პარტიები თავისთავად იქნებიან ამ კომისიის მუშაობაში ჩართულები.

კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით. თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრა, ქართული ოცნების სასარგებლოდ და დარწმუნებული ვართ, გადახრა 0.1 პროცენტიც კი არ იქნება, ქართული ოცნება გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს. გარდა ამისა, როგორც ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.