რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა საპროტესტო აქციის ფონზე განახლდა

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა საპროტესტო აქციის ფონზე განახლდა.  უკვე 97-ე დღეა, ადამიანთა ჯგუფი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, აქციის მონაწილეებს ადგილზე კარავი აქვთ გაშლილი. კომპანია “ენკამ” რომელმაც რამდენიმე თვის წინ მშენებლობა საპროტესტო აქციების გამო შეაჩერა ახლა ხეობაში სპეცტექნიკით პოლიციის თანხლებით შევიდა.

“ჰესის აშენება გამოიწვევს კლიმატის ცვლილებას. გადაშენდება ცოლიკოური, დაიტბორება იმერეთი. სეისმოლოგები და გეოლოგები ამბობენ, რომ არამდგრადი ქანებია იქ, სადაც კაშხალი იგება. აქ მთებია. ერთ-ერთი მათგანი რომ მოწყდეს და ჩავარდეს შეგუბებულ წყალში, მთლიანად იმერეთის მოსახლეობა აღმოჩნდება დიდი საფრთხის წინაშე”. – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ტერიტორიაზე, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, აქციის მონაწილეებმა ჯვარიც აღმართეს. დღეს ისინი ამბობენ, რომ ჯვრამდე მოსალოცად მისვლა უნდათ, თუმცა, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.