სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტთა ნაწილმა რკინის ბარიკადებისთვის თავის არიდება და ნამახვანისკენ გადასვლა ტყის ბილიკით სცადა. მათ პოლიციელებმა ტყეში მიუსწრეს, ახსნა-განმარტების გარეშე შეაჩერეს და უკან გამოაბრუნეს.
რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ტყის ბილიკით გადასვლას 50-მდე ადამიანი ცდილობდა. მისივე თქმით, ეს ერთგვარი სიმბოლური აქტი იყო.
რამდენიმე წუთის წინ აღმართულ ბარიკადებთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ამჟამად ვითარება შედარებით განმუხტულია, ჰესის მოწინააღმდეგეები ბარიკადებზე აბრახუნებენ და ჯებირების მიღმა გასვლას ცდილობენ.