“არ შეიძლება, სადაც ინვესტიცია გამოჩნდება მიადგე და ჰესი ააშენო” – ეკოლოგი და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენელი ნუგზარ ზაზანაშვილი რაჭაში, ონის რაიონში, მდინარეზე რიონზე ჰიდროელექროსადგურ „ონის კასკადის“მშენებლობას ეხმაურება და იმ რისკებზე საუბრობს რომელსაც “ონის კასკადი” წარმოადგენს.
“არ შეიძლება, სადაც ინვესტიცია გამოჩნდება და მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურ მოგებას იპოვი, მიადგე და ჰესი ააშენო. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ამ საკითხში ჩვენი ფილოსოფიაა: მართებული ჰესი მართებულ ადგილას.
საშუალოვადიან პერსპექტივაში, ვთქვათ ავიღოთ 15-20 წელი, ამ პერსპექტივაში რამდენს მოუტანს ეს ჰესების კასკადი ახალი ჰიდროენერგეტიკული ინრასტრუქტურა რიონზე რეგიონს, ადგილობრივებს და ქვეყანას, ფულადი გამოსახულებით აი რამდენ ლარს მოუტანს. და მეორე შეფასდეს ეს რომ არ მოხდეს და განვითარდეს ტურიზმის ინფრასტრუქტურა. მეღვინეობის ტრადიციული მიმართულება, რომელიც შეიძლება განვითარდეს. იმ შემთხვევაში რამდენი ადამიანი დასაქმდება, რამდენს ექნება შემოსავალი, რას მიიღებს რეგიონი და ქვეყანა. ამას რომ გააკეთებ და მაჩვენებ ჰესებს ხუთჯერ მეტი თუ მოაქვს ვიდრე სხვას, კიდევ შეიძლება დაფიქრდეს ადამიანი მაგრამ ასეთი კვლევა არ არის. რისკები სახეზეა, მდინარეს რომ მიწაში ჩადებ, ზემოქმედებაა, აბა რა არის? ის მდინარე წყლის ეკოსისტემა არ არის?
რიონი არის ერთადერთი ადგილი, სადაც უიშვიათესი ატლანტიკური ზუთხია. ზუთხის ყველა სახეობა გლობალური საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებად არის აღიარებული საერთაშორისო წითელი ნუსხის მიერ. რაჭაში ვაზის უნიკალური ჯიშებია, დედამიწის ზურგზე სხვაგან რომ არაა არსად. წინაპრებმა ამდენი საუკუნის მანძილზე შემოგვინახეს და ახლა ხალხი ბიზნესს აკეთებს, ღვინო გადის უცხოეთში და შენ ამბობ, რომ საფრთხეს არ შეუქმნი. დამისაბუთე, რომ საფრთხეს არ შეუქმნის.
რაჭა, ჩემი შეხედულებით არის ადგილი, სადაც დამატებითი ჰესების აშენება სარგებელს ნაკლებს მოიტანს, ზიანს მეტს.” – განაცხადა ნუგზარ ზაზანაშვილმა, მთის ამბებთან საუბრისას.
ცნობისთვის, ონის რაიონში, მდინარე რიონზე, 206.1 მგვტ სიმძლავრის “ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის” მშენებლობის პროექტს სს “ონი კასკადი” ახორციელებს. კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ) 2017 წლის დეკემბერში წარადგინა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებულ პროექტზე, 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად Covid19-თან ბრძოლით იყო დაკავებული, გარემოსდაცვითი ნებართვა გაიცა.