ევროპარლამენტარები პეტრას აუსტერვიჩუსი, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, ვიტოლდ იან ვაშჩიკოვსკი, ხავიერ ნარტი და ვიოლა ფონ კარმონი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს საქართველოში ვიზიტამდე წერილით მიმართავენ. ისინი მიშელს აფრთხილებენ, რომ დაძაბულობამ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის უკიდურესად საშიშ ნიშნულს მიაღწია.
ევროპარლამენტარები ევროპის საბჭოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, წაახალისოს პრავალპარტიული დიალოგი.
6 ევროპარლამენტარის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“თქვენი უკიდურესად დროული ვიზიტის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ, ამ წერილის ხელმომწერი ევროპარლამენტარები, გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება პოლიტიკური სიტუაციის სწრაფი გაუარესების გამო ევროკავშირის მნიშვნელოვან ასოცირებულ პარტნიორ ქვეყანაში.
როგორც 2020 წლის 16 სექტემბრის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტირების ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს დემოკრატიული ვალდებულებები უნდა დაედასტურებინა. ამის ნაცვლად, არჩეული დეპუტატების ერთი მესამედი უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) უბნების 8 პროცენტის ოქმებში დისბალანსი დაადგინა, სხვა საარჩევნო დარღვევებთან ერთად. 23 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, რა დროსაც დახურულ სივრცეში ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, დაძაბულობამ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის უკიდურესად საშიშ ნიშნულს მიაღწია.
ევროკავშირი ვერ უგულვებელყოფს არსებულ მდგომარეობას, როდესაც ძალის გამოყენება, რევანშიზმი და ომის ზღვარზე დაბალანსების პოლიტიკა დომინანტურ ტრენდად იქცა. პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა საფრთხეს უქმნის საზოგადოების და სახელმწიფოს სტაბილურობას. მეტიც, პოლიტიკური კრიზისი აჩენს რისკს, რომ საქართველო გადაუხვევს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების გზიდან.
დაჟინებით მოგიწოდებთ, გამოიყენოთ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი პოლიტიკური ძალების წასახალისებლად, რომ განაახლონ მყისიერი მრავალპარტიული დიალოგი, რომელიც თანამშრომლობისა და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს ხელშემწყობი კონკრეტული მემორანდუმით უნდა დაბოლოვდეს. ნება და სისწრაფე, რომლითაც ქართული პოლიტიკური ელიტა მრავალპარტიულ დიალოგში ჩაერთვება, ასახავს მათ მიზანდასახულობას, განამტკიცონ საქართველოს მიერ გაცხადებული ევროპული მისწრაფებები. ჩვენ გვჯერა, რომ ამ პროცესში ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია, ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა. ამრიგად, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ ისინიც აქტიურად ჩართოთ თქვენი ვიზიტის ფარგლებში.
ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, რომ გადასცემთ ამ გზავნილს ჩვენს პარტნიორებს და დაარწმუნებთ მათ ევროკავშირის უდრეკ მხარდაჭერაში ქართველი ხალხის უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავლისთვის. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, გავამყაროთ ევროკავშირის დელეგაციისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების მიერ არაერთხელ გამოჩენილი შუამავლობის სურვილი”,– წერია მათ წერილში.
საქართველოში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი პირველ მარტს არის დაგეგმილი.