საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა მოინახულეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასეს.
ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
„პაციენტის ზოგადი თერაპიული სტატუსი დინამიკაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევის შედეგები და თერაპიული სტატუსი მნიშვნელოვნად შეესატყვისება რეაბილიტაციის ვადას და ჩატარებული თერაპიის მოცულობას. თავს გრძნობს უფრო მხნედ. აქტიურია, იღებს საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით, რასაც აკეთებს ენდოკრინოლოგი და იყენებს დაავადებათა მართვის საერთაშორისო გაიდლაინს.
რეგულარულად ხორციელდება ლაბორატორიული მონიტორინგის საფუძველზე, კვების პარალელურად, მისაღები მედიკამენტების დოზირების კორექცია და ასევე, მათი ჩამონათვალიც კორექტირდება. ინფორმაციას”,– განაცხადა შარაშენიძემ.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი ფიზიკურად გაცილებით უფრო აქტიურია, დღეს კი იყო მისი გატარების პირველი მცდელობა.
ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძის შეფასებით, ნერვოლოგიური დარღვევები რჩება, თუმც ჯანმრთელობის ზოგადი ტენდენცია დადებითია.
„რჩება გარკვეული ნევროლიგიური დარღვევები, რომელსაც, რასაკვირველია, სჭირდება დრო, მკურნალობა მიდის შეჯერებულად ყველა სპეციალისტის მიერ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვების აღდგენა, რაც პაციენტის მდგომარეობის თანდათან გაუმჯობესების საფუძველი უნდა გახდეს ყველა ასპექტის გათვალისწინებით“,- განახადა ალექსანდრე ცისკარიძემ.
დღეს მესამე პრეზიდენტი ინახულა ნევროლოგმა, გასტრო-ენტეროლოგმა, ენდოკრინოლოგმა, ნუტრიციოლოგმა, რეანიმტოლოგმა და რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა.