როგორია 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ტურძელაძის განმარტება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ღამით საკმაოდ მძიმე იყო, დილისთვის კი შედარებით სტაბილურია.

„პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მოხდა ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრაც, ტვინი ჯერ ცოცხალია, ვნახოთ, 24 საათის შემდეგ.

მძიმე მდგომარეობა იყო. საღამოს მოხერხდა დასტაბილიზება და პაციენტი აყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში.

ღამე იყო საკმაოდ მძიმე. ამ დილისთვის, ახლა მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა, სტაბილიზაცია გულისხმობს, რომ აპარატთან არის სინქრონში, ერთად სუნთქავენ, წნევა ხერხდება სამი მედიკამენტის მხარდაჭერით, მაქსიმალურ დოზებზეა, წამოვიდა ტემპერატურა, ამ დილისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია“,-აცხადებს ტურძელაძე.

შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი, გუშინ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.