პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 81 წლის ქალის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა სიცოცხლესთან შეუთავსებლად.
მისი თქმით, გარდაცვლილ პაციენტს გამოუვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, კლინიკურად გადატანილი ჰქონდა მწვავე იმფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული ჰიპერტენზიით.
„გუშინ გითხარით, რომ ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო ტერმინალური, ქალბატონი რომელიც გადმოყვანილია თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან, მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად, სიცოცხლესთან შეუთავსებლად. ვინაიდან, შემოყვანისთანავე მჟავეტუტოვან წონასწორობაში იყო 7 და ნული, რაც იმას მიუთითებდა, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, ტერმინალური. პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიომის მწვავე იმფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული გიპერტენზიით.
ჩატარებული კლინიკური კვლევებით დაისვა აღნიშნული დიაგნოზი პაციენტის მკურნალობის გაგრძელების მიზნით, გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ასეთ პაციენტებთან არსებობს სიმპტომური მკურნალობა და არაპათოგენეზური , მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლების და გაიდლაინების მიხედვით და სამწუხაროდ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,“- განაცხადა ლევან რატიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ ვირუსს შეიძლება ქალბატონის გარდაცვალება გამოეწვია, რადგან მისი პათოლოგიები მაღალი გართულებებს რისკს მიეკუთვნება.
81 წლის ქალი საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეორე პაციენტი იყო. გუშინ, 4 აპრილს კორონავირუსით პირველი ადამიანი, 79 წლის ქალი გარდაიცვალა.