18 აპრილს ბათუმში, კლინიკა “მედალფაში” კორონავირუსით გარდაცვლილ მე-4 პაციენტს, ქალს მრავალი თანმხლები დაავადება ჰქონდა – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ალექსი გოხელაშვილმა, განაცხადა.
,,ქალბატონს ჰქონდა გულის ქრონიკული უკმარისობა, ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა, მრავლობითი აბსცესი პოსტ-ინექციური და ეს იყო ძირითადად ამის ყველაფრის გამომწვევი”,- თქვა გოხელაშვილმა.
მისივე თქმით, ქალის გადასვენება მოხდა იმ პროტოკოლით, რომელიც არის გაწერილი მთავრობის დადგენილებით.
გუშინ, 18 აპრილს საქართველოში კორონავირუსით მე-4 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 394 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 86 გამოჯანმრთელდა.