საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა, რომლებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის როგორც აქამდე, სტაბილურობის გარანტი იქნება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ფასილიტატორ ელჩებს პროცესში ჩართულობისათვის, რომელიც ორიენტირებული იყო ქვეყანაში სტაბილურობის გამყარებისკენ.
,,როგორც აქამდე, მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი. შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული ჩემი გადაწყვეტილება სწორედ ამით იყო განპირობებული. სტაბილურობისა და დეპოლარიზაციისათვის მშვიდი გარემოს უზრუნველყოფად, მიუღებელია ფეიკნიუსები, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, ჩვენს პარტნიორებზე და სხვადასხვა ორგანიზაციებზე, მაგალითად, ლუგარის ცენტრზე თავდასხმები. იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ ერთი გამოცდა წარმატებით ჩააბაროს და სტაბილურობას არაფერი დაემუქროს, გვმართებს მეტი ყურადღება, რადგან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არის სხვადასხვა სახის მცდელობები და სწორედ ამ პერიოდში უცხოელი პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.