გავრცელდა ინფორმაცია, 5,7 მილიარდი დოლარის შესაძლო ინვესტირებასთან დაკავშირებით გაერთიანებული საამიროებიდან. თუ ეს ასეა, ძალიან გამეხარდება. მაგრამ მეც და საზოგადოებასაც გვიჩნდება ეჭვი, საერთოდ განხორციელდება თუ არა ეს ინვესტიცია, თუნდაც წყალტუბოს მაგალითზე. მეექვსე წელი გადის დაპირებიდან, რომ წყალტუბო წალკოტი უნდა გამხდარიყო, თან პირადად ბიძინა ივანიშვილმა დადო ფიცი, მაგრამ რამე გაკეთდა?! რამდენი ასეთი შეუსრულებელი დაპირება გვახსოვს პირადად ივანიშვილისგან? ან ბოლო 12 წლის მანძილზე ამ ქვეყანაში რაიმე ახალი სტრატეგიული პროექტი განხორციელდა?! რა თქმა უნდა, არაფერი, იმიტომ, რომ ხედვა არ აქვთ!
თუ ეს არაბული ინვესტიცია მართლაც განხორციელდება, მაშინ ორი კითხვა მექნება: ვის ეკუთვნის ორი უზარმაზარი ტერიტორია, თბილისში და გონიოში, სახელმწიფოს თუ კერძო პირებს, სადაც ინვესტიცია უნდა განხორციელდეს?! თუ კერძო პირებს ეკუთვნით, ეს ნაკვეთები რა ვითარებაში და რა პირობებით გასხვისდა? ერთი სიტყვით, მაინტერესებს ამ ინვესტიციის გამჭვირვალობა ქართული მხრიდან. საზოგადოებამ უნდა აწარმოოს მონიტორინგი, ხომ არ არის ჩადებული ამ პროექტში რაიმე კორუფციული.
შემდეგი საკითხია, 5,7 მილიარდი დოლარი ბევრია თუ ცოტა ჩვენი ქვეყნისთვის და რეალურად, რამდენ წელიწადში შეიძლება ჩაიდოს ეს თანხა მშენებლობაში? ჩემი აზრით, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ამ ინვესტიციის ეტაპობრივად შემოსვლას, ანუ ასეთი მასშტაბური მშენებლობის დასრულებას მინიმუმ 5 წელი დასჭირდება. უხეშად რომ დავთვალოთ და მთლიანი საინვესტიციო თანხა გავყოთ 5 წელზე, მივიღებთ წლიურად დაახლოებით 1,15 მილიარდ დოლარს, რაც ძალიან კარგია. მაგრამ აქვე, ეს თანხა ჩვენი ემიგრანტების მიერ ყოველწლიურად ჩამორიცხულ პირდაპირ ინვესტიციას, ანუ ფულად გზავნილებს რომ შევადაროთ, რაც საქართველოს ეკონომიკაში და საბანკო სექტორში ირიცხება და 2024 წლის მაგალითზე 3,36 მილიარდ დოლარს შეადგენს, ვნახავთ, რომ სავარაუდო არაბული ინვესტიცია თითქმის სამჯერ ნაკლებია. და აი, ამ ხალხს, ვინც საქართველოს და მათ შორის, ე.წ. ქართულ ოცნებასაც ინახავს, არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლება წაართვეს, რადგან არ გაუხსნეს საარჩევნო უბნები, მათი ოჯახის წევრების უდიდესი ნაწილი კი დააშინეს და ხმა არალეგიტიმური, დე-ფაქტო ხელისუფლების სასარგებლოდ იძულებით მიაცემინეს.
მე ვარ კახა ოქრიაშვილი, PSP ჯგუფის დამფუძნებელი, ექიმი, რომელიც 1994 წლიდან ბიზნესს ვაწარმოებ საქართველოში და შევქმენი 8 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ჩვენი ჯგუფი მილიარდობით ლარს ამობილიზებს ჩვენი სამშობლოს, საქართველოს ბიუჯეტში. ჩვენ ავაშენეთ უმაგრესი ფარმაცევტული ქარხანა, ევროპული გაიდლაინებით ვამზადებთ მედიკამენტებს და ძირითადად, ვყიდით საზღვარგარეთ. 12 წელია, ვითხოვთ ჩვენს დარგში ისეთივე კანონმდებლობას, როგორიც არის თურქეთში, რათა ვიყოთ კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. მაგრამ რაც ამ არალეგიტიმური ხელისუფლების პირდაპირი ინტერესის სფერო არ არის, ის თემა საერთოდ არ აინტერესებთ. ჩვენ მზად ვიყავით და ახლაც, როგორც კი ევროპული დემოკრატია ჩამოყალიბდება ქვეყანაში, მზად ვართ, განვახორციელოთ 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია საქართველოში და ვაწარმოოთ არამხოლოდ მყარი ფორმით ტაბლეტები და კაფსულები, არამედ კრემები, სიროფები, გარეგანი საშუალებები და მოვიცვათ როგორც პარაფარმაცევტული, ისე ფარმაცევტული სპექტრი.
დემოკრატია სწორედ იმიტომაა საჭირო, რომ ვერავინ გაბედოს, მათ შორის ხელისუფლებამ, ბიზნესის დაჩაგვრა, დაშანტაჟება, წართმევა. მანამ, სანამ ასეთი ხელისუფლება გვეყოლება, ჩვენს ქვეყანას ვერც არაბული ინვესტიცია უშველის და ვერც ექსპორტ-ორიენტირებული ეკონომიკა გვექნება, რომელიც მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის!
აცხადებს ამის შესახებ, კახა ოქრიაშვილი.