„როგორც ჩანს, რუსი დეზერტირები გვაკლია და პირდაპირ თვითმფრინავითაც უნდა გამოზიდონ. რაში გვჭირდება ეს ხალხი, ერთი გამაგებინეთ…. არ არსებობს ლიბერალი, დემოკრატი რუსი, ყველა რუსი არის იმპერიალისტი. განსხვავება არის ის, რომ ზოგი ცოტა იმპერიალისტია, ზოგი ძალიან იმპერიალისტი. შეხედეთ ლატვიამ და ლიეტუვამაც დახურა „დოჟდი”. ვითომ სუპერლიბერალური არხია და უკან გეორგიევსკის ლენტები ჰქონდათ ჩამოკიდებული.

არანაირი პირდაპირი ფრენა არ გვინდა, პირიქით. აქ რომ რუსები ბაირამობენ და სავიზო რეჟიმი რომ არ ეხებათ, იმათ უნდა დავუწესოთ სავიზო რეჟიმი, რადგან აქ ჩამოსული 100 ათასობით რუსი რეალურად არის პრობლემა. 100-200 ათას რუს მეხუმრებით? – ბათუმში ჩახვალ და ქართველი დადის ორი ცალი კაცი, რუსებით არის გადავსებული. უბრალოდ ჩამოსულები კი არ არიან, ქონება აქვთ ნაყიდი. რომელი აგენტია, რომელი ძირგამომთხრელია და რომელი რა არის, ღმერთმა უწყის. შეიძლება ყოველი მეათე იმ ქვეყნიდან იყოს, რომელიც დამპყრობელია? – ქართლში და აფხაზეთში ავტომატიანი რუსები დგანან, აქეთ უავტომატო რუსები, რომლებიც სულის სიღრმეში იმპერიალისტები არიან“,

ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ რუსეთ-საქართველოს შორის შესაძლო ფრენების აღდგენის საკითხს.