როგორ აპირებდა სპეცრაზმი ენმ-ს ოფისში შეჭრას – სააკაშვილი დეტალებს ყვება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია, როგორ გეგმავდნენ ძალოვანი უწყებები ენმ–ს ცენტრალურ ოფისში შესვლას. მისი თქმით, სპეცრაზმი აპირებდა ცრემლსადენი გაზით შენობის უკანა მხრიდან შეღწევას, რასაც მსხვერპლი მოყვებოდა.

“თათბირი ჰქონდათ გომელაურის კაბინეტში, სადაც გომელაურმა იკითხა იქნება თუ არა მსხვერპლი და მას უთხრეს, რომ დიახ, შეიძლება იყოს დიდძალი მსხვერპლი. ზუსტად ვიცი რომ ასე იყო, საცერივით გამოდის ინფორმაცია. გომელაურმა მოახსენა გახარიას, რომ დიდი ალბათობით იქნება მსხვერპლი, იმიტომ რომ ისინი აპირებდნენ დახურულ სივრცეში გაზის გამოყენებას. მითუმეტეს იქ გარდა ახალგაზრდებისა იყო ბევრი ხანდაზმული ადამიანი.

ისინი აპირებდნენ შენობის შტურმს უკანა მხრიდან, ყველა მოელოდა წინიდან, იქ შუშაბანდის შემტვრევას და გაზის გამოყენებით მესამე სართულზე ასვლას და ნიკა მელიას დაკავებას. ეს გარდაუვლად გამოიწვევდა დიდძალ მსხვერპლს და ისინი ამაზე მიდიოდნენ, რომ არა დილას გახარიას შეეშინდა და თქვა, ამ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე არ ავიღებო”,– ამბობს სააკაშვილი ტვ პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, ღარიბაშვილი იგივე სცენარზე წამსვლელია, თუმცა მელიას დაკავებას ფიზიკურად ვერ მოახერხებს.