როგორ არის შესაძლებელი სანქციების გვერდის ავლა საქართველოს გავლით-გიორგი ქადაგიძის განმარტება

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ საქართველოდან რუსეთში სანქცირებული პროდუქციის გატანა შესაძლებელია. ის აღწერს გზებს, რომლითაც რუსეთში საქართველოს გავლით ეს პროდუქცია შეიძლება მოხვდეს:

“როგორ ხდება სანქციების თავიდან არიდება?

ყველაზე გავრცელებული ფორმაა პროდუქციის დანიშნულების ქვეყნის ცვლილება, შუალედური კომპანიის/რგოლის გაჩენით.

მაგ: ტაილანდი არ ყიდის ჩიპებს რუსეთზე, ამიტომ მას ყიდულობს საქართველოში რეგისტრირებული კომპანია და გადააქვს რუსეთში ვაშლით დატვირთული მანქანით.
არის თუ არა ეს შესაძლებელი?

დიახ, არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული, რომ ვინმე არარაობა არ ეცდება ხელი მოითბოს ომზე. უფრო მეტიც, ყველა ომში ვიღაცა ამაზე ხელს ითბობს.

შესაძლებელია თუ არა, რომ აღნიშნული ხელისუფლების გარეშე გაკეთდეს?
დიახ, უმეტესობა შემთხვევაში, სანქციების გვერდის ავლა კერძო პირების მეშვეობით ხდება. თუ ეს სახელმწიფო დონეზე ან სახელმწიფოს თანხმობით ხდება, ეს ომის შესაბამის მხარედ დაფიქსირებას ნიშნავს.

რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ მომატებული საფრთხის პირობებში, რომ რეპუტაციული და სხვა უფრო მძიმე რისკები თავიდან აიცილოს?

უნდა შექმნას შესაბამისი მონიტორინგის ჯგუფი (როგორც წესი საბაჟო სამსახურში) რომელიც მუდმივ რეჟიმში დააკვირდება:

– ხომ არ მოიმატა საქართველოში, რუსეთში სანქცირებული პროდუქციის იმპორტმა (მაგ. ჩიპების)
– ხომ არ მოიმატა რუსეთ-საქართველოს საზღვრის სატვირთო ბრუნვამ, მათ შორის ტრანზიტული ტვირთების
– ხომ არ მოიმატა ისეთი სატვირთო მანქანების რაოდენობამ საზღვარზე, სადაც გამგზავნი ახალი ან ახლად დარეგისტრირებული კომპანიაა
– ხომ არ მოიმატა იმპორტმა ისეთ ქვეყანასთან რომელიც აწარმოებს სანქცირებულ პროდუქციას (მაგ. იაპონიასთან ან ტაივანთან)
– ხომ არ მოიმატა ფინანსურმა ნაკადებმა ომის მხარე/მოკავშირე ქვეყნებთან (მაგ. ბელორუსი, უნგრეთი და ა.შ.)
– აწარმოოს დაკვირვება ნებისმიერ უჩვეულო იმპორტის და რეექსპორტის ზრდაზე
– არსებობდეს გადამოწმებული განმარტება ნებისმიერ უჩვეულო/არასტანდარტულ სავაჭრო ზრდაზე
საქართველო არის ბუნებრივად მომატებული საფრთხის ქვეყანა, რადგან ვართ მოსაზღვრე ქვეყანა, გვაქვს უვიზო რეჟიმი, გაზრდილია შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, გაზრდილია მათ მიერ დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა, ოფიციალურად განცხადებული გვაქვს რომ არ ვუერთდებით სანქციებს.

ამის გამო უნდა უკიდურესად გამკაცრდეს ტვირთების შერჩევით/ან მთლიანად შემოწმება რუსეთთან საზღვარზე. ეს ყველაფერი არის სტანდარტული პროცესების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც უნდა აკეთებდეს მოკავშირე/მეგობარი ქვეყანა.

რაც მთავარია ეს ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო (მაგ. ქვეყნდებოდეს შესაბამისი ანგარიში) და მარტივად ხელმისაწვდომი, მათ შორის მეგობარი სახელმწიფოსთვის (მაგ. უკრაინა, აშშ, პოლონეთი).

ჩვენ რას ვაკეთებთ, ვმუშაობთ პარტნიორებთან? ვცვლით ინფორმაციას? ვცდილობთ ქვეყნის პოზიციონირებას დასავლურ ბლოკში?

საერთაშორისო სანქციების საკითხი მჯერა/არ მჯერა და დამიმტკიცე/ბოდიში მოიხადე თემა არ არის. ეს არის კონკრეტული ქმედებების ჩამონათვალი რომელსაც პრევენციულად უნდა ატარებდეს ქვეყანა, რომ არ აღმოჩნდეს ჩართული კატასტროფულ პროცესებში.“ – წერს გიორგი ქადაგიძე ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა  განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდისთვის კორიდორს ამზადებს.

„საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ქვესამხედრო და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა“, – განაცხადა უწყებამ და დასძინა – „სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის არხებს ქმნიან, რომელიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის“.

„იმავდროულად, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს დაევალათ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ, რომ კონტრაბანდისტების საქმიანობებში არ ჩაერიონ“, – განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ.

ამავე განცხადების თანახმად, ასევე განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის 2019 წლის ივნისიდან შეჩერებული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მოკლე განცხადებაში სხვა დეტალები მოცემული არ არის.

საქართველოს მთავრობა ბრალდებებს უარყოფს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

„ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება“, — განაცხადა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

სამინისტროს თქმით, „საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი“.

ფინანსთა სამინისტრომ „სრული პასუხისმგებლობით“ განაცხადა, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, იქნება ეს სამხედრო თუ ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა პროდუქცია, რომელიც სანქციების სიაშია, „ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ“.

სამინისტროს თქმით, ამაზე დეტალურადაა ინფორმირებული საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

„საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას“, — განაცხადა სამინისტრომ.