თბილისის ზოოპარკი საკუთარ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, როგორ აღმოჩნდა რამდენიმე დღის წინ მათი მაიმუნი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში:
“ალბათ ბევრმა გაიგეთ და ფოტოებიც ნახეთ, ორიოდ დღის წინ ჩვენი ბერბერული მაკაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბუფეტში რომ წაბრძანდა საუზმეზე. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ტელევიზიაში ყველას გაუხარდა დილის მოულოდნელი სტუმრის დანახვა და ჯოხებითა და ქვებით არავინ გამოჰკიდებია. პირიქით, ბანანზეც კი დაუპატიჟებიათ…
ახლა, რაც მოხდა, იმაზე.
ჩვენი ბერბერული მაკაკების ვოლიერში მამათა და შვილთა ბრძოლის კლასიკური სცენა გათამაშდა. ახალი თაობა მოიზარდა და მოყოყლოჩინდა, ძველი თაობა ჯერ კიდევ ყოჩაღობს და პოზიციებს არ თმობს. არ ვიცით, მდედრების ნიადაგზე მოხდა შეტაკება (გაგანია გამრავლების პერიოდი აქვთ ახლა), თუ ეზო-კარის განაწილებაზე, მაგრამ იმ დილით ეს ყმაწვილი და ზრდასრული, კუნთმაგარი მამრი წაკინკლავდნენ. არა, წაკინკლავდნენ რბილად ნათქვამია, იჩხუბეს და კარგა გემრიელი მუშტი-კრივი გამართეს. ჩხუბში უფროსმა იმარჯვა და დაჩაგრულმა უმცროსმა რა ქნა? დაჰკრა ფეხი და სახლიდან გაიქცა. საერთოდ, მაკაკების სახლიდან გაქცევა არაა ადვილი საქმე. ვოლიერი მათი სახეობისთვის შესაბამისი სტანდარტით არის შემოსაზღვრული – წყლიანი თხრილი, ელექტროღობეები, ბარიერის სიმაღლე – ყველაფერი იმგვარადაა მოწყობილი, რომ მაკაკამ სივრცის დატოვება ვერ მოახერხოს, მაგრამ როგორც სხვა ქვეყნების ზოოპარკების გამოცდილებაც გვიჩვენებს, ხანდახან, შიშის, ან სტრესის პირობებში, ცხოველს მისთვის უჩვეულო ქცევების გამოვლენა შეუძლია. ჰო, ლოგიკური კითხვა იბადება აქ: ხომ შეიძლება, ლომმაც გამოავლინოს უჩვეულო ქცევა? დიახ, შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებით სახიფათო ცხოველების შემთხვევაში ვოლიერის კონსტრუქციის სტანდარტებიც განსაკუთრებით და მეტიც – უკიდურესად მკაცრია. გაქცეული ვაჟბატონი მალევე მშვიდობით მოვაბრუნეთ უკან და ახლა მეტოქეებისგან განცალკევებით გვყავს მოთავსებული.
სამომავლოდ რას ვაპირებთ? ამჟამად ახალ ზოოპარკში ძალიან კარგ, ლამაზ, კეთილმოწყობილ, საინტერესო ვოლიერს ვაშენებთ ბერბერული მაკაკებისთვის და დასრულებისთანავე ყველას, დიდიან-პატარიანად, ახალ სახლში გადავაბარგებთ. იქ გაცილებით დიდი სივრცე (დაახლოებით 1000 კვ.მ) დახვდებათ, ტერიტორიასაც ადვილად გაინაწილებენ და თაობათა ბრძოლაც წარსულს ჩაბარდება.“– წერს თბილისის ზოოპარკი.