როგორ აწვდიდნენ მარიუპოლის მცველებს იარაღსა და საკვებს – დანილოვის განმარტება

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა Ukrayinska Pravda-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მარიუპოლის მცველებისთვის საჭირო საშუალებების მიწოდება ვერტმფრენებით ხდებოდა.

მისი ცნობით, მებრძოლები მხოლოდ საბრძოლო მასალას ითხოვდნენ.

“სიტუაცია გართულებულია. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ის არასდროს ყოფილა ადვილი. დამიჯერეთ, შესაძლებელი და შეუძლებელი კეთდება.

ზედმეტია ამის თქმა, მაგრამ გეტყვით, რომ როცა ღამით იქ ვერტმფრენების გაგზავნა დავიწყეთ და ვკითხეთ, რა სჭირდებოდათ, საბრძოლო მასალა ითხოვეს. არც წყალი და არც საკვები, თუმცა ისიც მიიტანეს.

დამიჯერეთ, ერთი ფიზიკური შესაძლებლობა მაინც რომ ყოფილიყო ამ პრობლემის გადასაჭრელად, მოვაგვარებდით”,– თქვა დანილოვმა.

ცნობისთვის, თითქმის ორი თვეა მარიუპოლის მცველები ქალაქს იცავენ. ისინი ამჟამად აზოვსტალის ქარხანაში არიან გამაგრებულები. გუშინ პუტინმა ქარხანაზე შტურმის შეწყვეტის ბრძანება გასცა.