განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვალა. მერიის ინფორმაციით, გამზირიდან მარცხნივ მოხვევით პარალელურ ქუჩებთან დაკავშირება აიკრძალება. ვარაზისხევიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოსახვედრად კეკელიძის ქუჩის გამოყენებით მოხვდებით.
თბილისის მერია გადაადგილების სქემას აქვეყნებს:
- ჭავჭავაძის გამზირზე ამოქმედდება ავტობუსების ახალი გაჩერებები
- ავტობუსები იმოძრავებენ სპეციალურად გამოყოფილი გზის შუა ზოლში,
- ავტომობილების საპირისპირო მიმართულებით
- აიკრძალა ჭავჭავაძის გამზირიდან მარცხენა მოხვევით პარალელურ ქუჩებთან დაკავშირება
- ვარაზისხევიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელია კეკელიძის ქუჩის გავლით. ვაკის პარკიდან მოძრავ ავტომობილებს ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შეეძლებათ კავსაძის, მირცხულავას, ერისთავისა და თაყაიშვილის ქუჩების დახმარებით.
- ფალიაშვილის ქუჩაზე ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია ცალმხრივად.
- ვაკის პარკიდან აბაშიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელია მიშველაძის, კავსაძისა და მირცხულავას ქუჩებიდან.
- აბაშიძის ქუჩაზე, ვაკის პარკიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით შენარჩუნდება ცალმხრივი მოძრაობა.
- ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია მარჯვნივ მოხვევით, ბერძენიშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის, მირცხულავას, ბაზალეთისა და ნაფარეულის ქუჩების გავლით.
- ბაზალეთის, თაქთაქიშვილისა და ბერძენიშვილის ქუჩებიდან მარცხნივ მოხვევით შესაძლებელი იქნება ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკის მიმართულებით გადაადგილება.
- ვაკის პარკიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით ყიფშიძის ქუჩასთან დაკავშირება შესაძლებელია მიშველაძის, მოსაშვილის ან აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩებიდან, ჭავჭავაძის გამზირის გავლით.
- ჭავჭავაძის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება რამიშვილისა და ავალიშვილის ქუჩების გავლით. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია ავალიშვილის ქუჩის დახმარებით.
- ვაკის პარკიდან ვარაზის ხევის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, ჭავჭავაძის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით მოხვედრა შეეძლებათ მიშველაძის, კავსაძის, მირცხულავას, ერისთავისა და თაყაიშვილის ქუჩებზე. მიშველაძე და თაყაიშვილის ქუჩები არის ცალმხრივად მოძრავი.
- აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია შემდეგი ცალმხრივად მოძრავი ქუჩებით: ბერძენიშვილი, თაქთაქიშვილი, არაყიშვილი, ბაზალეთი და ნაფარეული.
ცნობისთვის, რეაბილიტირებულ ჭავჭავაძეზე შექმნილმა სატრანსპორტი კოლაფსმა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
იმის გამო, რომ ავტომობილებს სამოძრაოდ მხოლოდ 2 ზოლი დარჩათ, გუშინ დღის განმავლობაში საცობი არაერთხელ შეიქმნა. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, შეჩვევას გარკვეული დრო დასჭირდება.