როგორ განმარტავდა ჩანაწერებში ნახსენებ “მინისტრებს” ღარიბაშვილი 3 თვის წინ

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფარული აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, 2021 წლის 12 მარტს ამბობდა, რომ ჩანაწერები 11 წლის წინ იყო ჩაწერილი, ბერას მიერ ნახსენებს “მინისტრებს” კი იმით განმარტავდა, რომ მას კომუნიკაცია ჰქონდა წინა ხელისუფლებაში მყოფ რამდენიმე მინისტრთან.

“საუბარი იყო იმაზე, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბრისას, რომ მინისტრები დამირეკავდნენ. მინდა, განმარტება გავაკეთო მოსახლეობისთვის, ერთ-ერთი მთავარი კითხვა ეს იყო, მე მგონი.

მოგეხსენებათ, რომ მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს. ჩვენ ვმართავდით არაერთ პროექტს საქართველოში, 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ბატონ ბიძინას ამ ფონდის მეშვეობით. ბუნებრივია, მაშინ მე მიწევდა ურთიერთობა, პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მინისტრებთან, მათ შორის.

მე მქონდა არაერთი შეხვედრა აწ გარდაცვლილ ბატონ რურუასთან, ბატონ კვიტაშვილთან, განათლების მინისტრთან. მქონდა შეხვედრები, თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან, პრეზიდენტის მეუღლესთან. სააკაშვილის მეუღლესთან გვქონდა არაერთ პროექტზე მოლაპარაკებები და მათი თხოვნების მოსმენები გვიწევდა. პრეზიდენტის დედა, ქალბატონი გიული ალასანია ხშირი სტუმარი იყო ჩემი, როცა მე ვიყავი ფონდის პრეზიდენტი.

აქედან გამომდინარე, მე მგონი, პასუხი მარტივია, რომ პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. აქ არავითარი ლოგიკა არ არსებობს იმისა, რატომ უნდა ყოფილიყო სხვა, ასე ვთქვათ, სხვანაირად აღქმული და გაგებული ეს საკითხი”,– თქვა ღარიბაშვილმა რამდენიმე თვის წინ.

დღეს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ “TV პირველის” ეთერში გასულ აუდიოჩანაწერებში ნახსენები სიტყვა “მინისტრები” მონტაჟის შედეგად არის მიღებული.

“ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ აუდიო ჩანაწერებში სიტყვა “მინისტრები” საერთოდ ნახსენები არ არის, არამედ მონტაჟის ფონზე, ორი სიტყვის რედაქტირების შედეგად მიღებულია სიტყვები “მილი” და “სტები”, ხოლო მათი შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია მიმსგავსებული სიტყვა მილი-სტები”,– ამტკიცებს პროკურატურა.