სოციალურ ქსელში ვრცელდება, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და მარკ ზილბერკვიტის აუდიო ჩანაწერი, რომელიც 2021 წლის 1 აპრილით თარიღდება. ჩანაწერს იუთუბ არხზე “კიბერ კმარა” აქვეყნებს.
საუბარი ეხება საქართველოში რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის სკანდალური ვიზიტს.
ზურაბ აბაშიძე აუდიოჩანაწერში ცდილობს, რუსეთს მომხდარის გამო მოუბოდიშოს და ადამიანებს, ვინც პოზნერის ვიზიტი გააპროტესტა, სააკაშვილის ზონდერებს და ფულით ნაყიდ ნაცისტებს უწოდებს.
- “ეს საშინელებაა, მე არ შემიძლია გადმოგცე არანაირად, რა გადავიტანე და ასევე ყველა ჩემმა ნაცნობმა და მეგობარმა რა გადაიტანა ამ საათების განმავლობაში. დღეს, არ ვიცი, შენ ნახე თუ არა, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა, სხვებიც, პარლამენტშიც გამოსვლებია, მინისტრებიც განცხადებებს აკეთებენ .ეს ნაცისტების ჯგუფია, ნამდვილი ნაცისტები არიან.[…] ეს ზონდერები უკვე მეორედ, მესამედ აწყობენ ასეთ რამეს. ამის წინასწარ გამოცნობა, წინასწარგანჭვრეტა, შეუძლებელია. […] ვითარება ასეთია დაძაბულია, მაგრამ აბა როგორ გითხრა, არ ჩამოხვიდეთ, აბა როგორ? რატომ არ უნდა ჩამოხვიდეთ? უნდა გეშინოდეთ ამ ადამიანების?” – აცხადებს ჩანაწერში აბაშიძე.
ცნობისთვის, 2021 წლის 31 მარტს კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს. აქტივისტები აპროტესტებდნენ არ მხოლოდ პოზნერის საქართველოში შემოშვებას, არამედ ჩამოსული პირების მიერ კომენდანტის საათისა და შეკრების შეზღუდვის დარღვევას.