როგორ დაეხმარება სახელმწიფო უმუშევრად დარჩენილებს – პრემიერ-მინისტრის განმარტება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით,საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებული განცხადება უმუშევრად დარჩნილებისთვის თვიურად 150 ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომა იყო, რომელიც ძველ გათვლებს ემყარებოდა.

,,ყველა ექსპერიმენტულ მდგომარეობაში მუშაობს, მსოფლიოს ყველა მთავრობა, მათ შორის ფონდის ხელმძღვანელობაც. ეს იყო სანამ ღრმა კრიზისში შევიდოდით, დაახლოებით თვე ნახევრის წინანდელი. დღეს ეს ძველი ინფორმაცია გაიპარა, ტექნიკური შეცდომა იყო”,- თქვა გახარიამ.

პრემიერმა განაცხადა, რომ დახმარება 150 ლარზე მეტი იქნება, რადგან 150 ლარი სააარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

„რა თქმა უნდა საკმარისი არ არის 150 და იქნება უფრო მეტი. 150 ლარი არის სააარსებო მინიმუმს ქვემოთ, შეუძლებელია ვილაპარაკოთ ყოველთვიურ დახარებაზე იმ ადამიანებზე, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და არ გავითვალისიწნოთ საარსებო მინიმუმი.

მიზნობრივი დახმარება ადამიანების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი შეუძლებელია საარსებო მინიმუმზე ნაკლები იყოს თვეში. ჩვენ აქამდე არ ვსაუბრობდით ჭორაობის დონეზე, მანამ სანამ არ გვექნებოდა შეთანხმებული პარამეტრები და მზა პორტფელი ფინანსური დახმარებისა,“ – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით 2020 წლის თებერვალში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში 199 ლარი იყო.