“რადიო თავისუფლება” გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი მასალებიდან ოქროს მოწმის, გური ამირხანაშვილის გამოკითხვის ოქმს აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, სწორედ ამ ოქმის საფუძველზე დაუმძიმდა ბრალი 5 ბრალდებულს და მათ დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლი წარედგინათ.
გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვის მეხუთე ოქმი 2 აგვისტოთი თარიღდება.
“თავისუფლების” ცნობით, ამირხანაშვილი გამომძიებელს უხსნის, რომ წინა ოთხი გამოკითხვისას ის სტრესულ მდგომარეობაში იყო და ზოგიერთი დეტალის გახსენება მხოლოდ მოგვიანებით შეძლო.
ჩვენებაში ამირხანაშვილი დეტალურად იხსენებს 19 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს და ფრაზებს, რომლებიც მას თბილისისკენ გზად “ტოიოტა ქამრიში” მჯდომს უთხრეს ან გაიგო.
ჩვენებაში ამირხანაშვილი ყვება, რომ “ტოიოტა ქემრიდან” გადმოსული მდევრებისგან თავის დასაღწევად ფერადი შენობის უკან შეირბინა და “ორმოს მსგავს დაბლობზე” ჩავარდა, საიდანაც მალევე ამოვიდა და დაინახა, რომ “ტოიოტა ქემრის” სამი მგზავრი – ვახტანგ ჩიქოვანი, ა.ქ. და ზ.ხ, მეორად საავტომობილო გზაზე სწრაფი სირბილით და გინებით ჩარბოდნენ. ამირხანაშვილი ამბობს, რომ ისინი სწორედ იქით გარბოდნენ, სადაც მანამდე მდევრებისგან გაქცეულმა ვახტანგ ახვლედიანმა და გიორგი შაქარაშვილმა ჩაირბინეს.
ჩვენების მიხედვით, 7-8 წუთის განმავლობაში ამირხანაშვილი კვლავ ბუჩქებში ჩაიმალა, რადგან ავტომობილის კიდევ ორი მგზავრი და მძღოლი არ ჩანდენენ და შეშინდა. შემდეგ არაგვის ხიდის ქვემოდან, მეორადი გზიდან მომავალი ხმა მოესმა, ამჯერად გინების გარეშე. როგორც ამირხანაშვილი ყვება, ეს პირები ყვიროდნენ, რომ დამალულები გამოსულიყვნენ და მათ არაფერს დაუშავებდნენ.
ამირხანაშვილის თქმით, იმ პირებმა, ვინც ახვლედიანსა და შაქარაშვილს გაეკიდნენ, შენობას შემოუარეს და მას მიაგნეს, “დაღლილებმა და აფორიაქებულებმა“. შემდეგ მათთან “ქემრი” გაჩერდა, მალევე კი ხიდის ქვემოდან, მეორადი საავტომობილო გზიდან ამომავალი კიდევ ორი მდევარი დაინახა – ამირხანაშვილის თქმით, ესენი იყვნენ არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი.
ჩვენების მიხედვით, გაგნიძემ დანარჩენებს მკაცრად უთხრა, რომ ამირხანაშვილი მანქანაში ჩაესვათ და თბილისისკენ წამოვიდნენ.
დიალოგის დეტალები, რომელთაც ამირხანაშვილი ბოლო გამოკითხვისას იხსენებს, შემდეგია:
“არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, “როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?”. აღნიშნული შეკითხვისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, იმ მომენტში ვერაფერთან დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემ მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე. ასევე მგზავრობისას, როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ახსენა შემდეგი შინაარსის სიტყვები, “რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული”, ვის გულისხმობდა ის, არ ვიცი”, – წერია გურამ ამირხანაშვილის ჩვენებაში.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა.
პროკურატურამ გამოაქვეყნა შემთხვევის ვიდეო რეკონსტრუქცია, რომლის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი წყალში გადააგდეს.