ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ რა ხდება ახლა უკრაინაში ფრონტზე, ცოტაა. ორივე მხარე საბრძლო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ მხოლოდ ზოგადად საუბრობს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც იღიმება და 35-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოადგილე სერხი ოლეინიკთან ერთად დგას. “ჩვენ ვკითხულობთ უახლეს ანგარიშებს ბრძოლის ველიდან. განწყობა კარგია”, – წერს ის.
მანამდე მალიარმა დაადასტურა უკრაინული ძალების კონტრშეტევა ბახმუტის რაიონში. მისი თქმით, ბახმუტის ერთ-ერთ გარეუბანში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1600 მეტრით წინსვლა მოახერხეს;
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზოგიერთ რაიონში „მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს და გაარღვიეს რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი“. სხვა ადგილებში, შეტევა უფრო ნელია, აღნიშნეს ლონდონში;
The New York Times წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ რუსულმა მხარემ მოახერხა მძლავრი თავდაცვითი სტრუქტურების აგება თხრილებით, დუგუნებით, დანაღმული ველებით, ტანკებისთვის ბეტონის ბარიერებით და საცეცხლე წერტილებით. „ბრტყელი რელიეფი მოწინავე ჯარებს დაუცველს ხდის მოსკოვის არტილერიისა და ავიაციის მიმართ“, – აღნიშნავს გაზეთი;
რუსული სახელმწიფო მედიის ჟურნალისტები წერენ, რომ ზაპოროჟიეს ფრონტზე გარღვევა არ არის. “მტრის მორიგი თავდასხმის ტალღა ჩვენი პოზიციების წინააღმდეგ ზაპოროჟიეს რეგიონში არ იყო წარმატებული. ფრონტის ხაზი არ შეცვლილა ღამით”, – წერს ტელეკომპანია “როსიას” კორესპონდენტი ევგენი პოდუბნი;
ამავე დროს, კრემლის მომხრე კომენტატორები აღნიშნავენ, რომ უკრაინა ოსტატურად იყენებს თავის ძლიერ მხარეებს და რუსული ფორმირებების არასაკმარის აღჭურვილობას. “იმპორტირებულ აღჭურვილობას აქვს შესანიშნავი ღამის ოპტიკა. მათ შეუძლიათ მართვა, მონიტორინგი, დამიზნება და ცეცხლის სიზუსტის კონტროლი. ამიტომ მტერი ირჩევს ღამეს”, – ამბობს ალექსანდრე სლადკოვი, ტელეკომპანია “რასიას“ კიდევ ერთი რეპორტიორი. ფრონტის ხაზზე ბევრი რუსული ქვედანაყოფი არ არის აღჭურვილი სტანდარტულიღამის საბრძოლო მოქმედებების ჩასატარებლად საჭირო აღჭურვილობით. თერმოვიზორებს, ღამის ხედვის მოწყობილობებს და სხვა მსგავს აღჭურვილობა მათთვის მოხალისეები ყიდულობენ და ფრონტზე უგზავნიან.