როგორ მოახერხეს პატიმრებმა ავერსის კლინიკიდან გაქცევა–სასამართლოზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატროშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი  5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

პროცესზე პროკურორის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, რომ გამოძიებას ავტომანქანის ვიდეოჩანაწერი აქვს მოპოვებული, სადაც პატიმრების გაქცევის ფაქტია ასახული. პროკურორის განმარტებით, პატიმრების გაქცევისას უფროსი ოფიცერი იმ ადგილზე არ იმყოფებოდა, სადაც უნდა ყოფილიყო, ის წინა სავარძელზე იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა, განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულზე მსჯავრდებულები კი უმეთვალყურეოდ ჰყავდა დატოვებული.

1 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე კლინიკა “ავერსის” ეზოში, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაჩერებულ პენიტენციური სამსახურის მანქანაში ოთხი მსჯავრდებული იჯდა. ამ დროს ივერი ნატრიაშვილი მიკროავტობუსის წინა მხარეს იყო და კოლეგებს ესაუბრება გამოკვლევაზე “ავერსში” შეყვანილი მსჯავრდებულების შესახებ. საბადრაგო მანქანაში ორი საკანია, თითოში სამი ადამიანი ეტევა. როგორც პროკურორი აღწერს, კარი გარედან იკეტება ურდულითა და საკეტით. თუ კარი გასაღებით არის ჩაკეტილი, პატიმრის გაქცევა შეუძლებელია. ურდულით დაკეტილი კარის გაღება კი გისოსიდან თითის გამოყოფით არის შესაძლებელი და სწორედ ასე მოხდა ამ შემთხვევაში.

საქმის პროკურორი ამბობს, რომ საბადრაგო ჯგუფის უფროსმა მანქანაში პატიმრების საკნის კარი მხოლოდ ურდულით ჩაკეტა და არ გამოიყენა გასაღები. მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს შეამჩნიეს პატიმრებმა და შეძლეს გაქცევა.

“მსჯავრდებულთათვის სპეციალურ ავტომანქანაში არსებული საკნის კარი უნდა დაეკეტა არა მხოლოდ ურდულით, გასაღებითაც. ამ სივრცის წინ არის ადგილი, სადაც უნდა განთავსდნენ ესკორტის თანამშრომლები, ეს ადგილიც იყო ცარიელი. ეს ბრალდებული [საბადრაგო სამსახურის უფროსი] იჯდა წინა სავარძელზე და მეთვალყურეობის გარეშე ჰყავდა დატოვებული მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირები”, – ამბობს პროკურორი ლაშა ამირანაშვილი.

მისივე თქმით, საბადრაგო ჯგუფის უფროსი პატიმრებს “ძალიან მცირე მანძილზე” დაედევნა, შემდეგ კი უკან დაბრუნდა.

დღეს გაირკვა ისიც, რომ ავტომანქანაში იმყოფებოდა  მეოთხე პატიმარიც, რომელსაც გაქცევის შესაძლებლობა ქონდა, თუმცა არ გაიქცა.

ივერი ნატროშვილის ადვოკატის, ინგა შარაშენიძის განმარტებით, ესკორტის უფროსი ტელეფონზე ნამდვილად საუბრობდა, რითაც პატიმრებმა ისარგებლეს და გაიქცნენ, თუმცა ეს, ადვოკატის თქმით, არა შეთანხმების ნაწილი, არამედ შემთხვევითობა იყო. პროკურორმა პროცესზე ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობაც დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა და მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საბადრაგო ჯგუფის უფროსი, ივერი ნატროშვილი სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 1-ელ ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა ივერი ნატროშვილმა ბადრაგირების დადგენილი წესი არ შეასრულა, მსჯავრდებულები მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დატოვა და სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები სათანადოდ არ ჩაკეტა, რითაც, სამმა მსჯავრდებულმა ისარგებლა და გაიქცა. „ავერსის“ კლინიკიდან პირველ ნოემბერს გაქცეული სამივე პატიმარი ორ დღეში დააკავეს.