წუხელ, უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტში, რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში მდებარე ნავთობბაზის დაბომბვა სავარაუდოდ ორი უკრაინული ვერტმფრენიდან განხორციელდა. როგორ მოახერხეს უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა ისე, რომ ისინი რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ვერ დააფიქსირა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს უკრაინელი სამხედრო მფრინავების მაღალი პროფესიონალიზმის ხარჯზე მოხდა.
უკრაინელი ვერტმფრენის პილოტებს დაბალ სიმაღლეზე დიდი სიჩქარით ფრენის დიდი გამოცდილება აქვთ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვერტმფრენები რადარებმა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა არ დააფიქსირონ. სწორედ ამას აკეთებენ ისინი წლების მანძილზე უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასში.
ბიბისის სამხედრო კორესპონდენტი, ჯონათან ბილი წერს, რომ 2018 წელს ის მოწმე გახდა უკრაინელი სამხედრო მფრინავების საოცარი უნარებისა – ისინი ხეების და ბოძების თავზე სულ რამდენიმე მეტრში დაფრინავდნენ.
ღამით ფრენა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მტრის საწვავის ბაზაზე შეტევისთვის, უჩვეულო სიმამაცეს და ძალიან დახვეწილ პროფესიულ უნარებს მოითხოვს.
დაბალ სიმაღლეზე მოძრავი ვერტმფრენები ახლო მანძილის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის ადვილად მოსახელთებელია.
ღამის ფრენა ამ რისკს ამცირებს, თუმცა ზრდის ხმელეთზე არსებულ ობიექტებთან შეტაკების საფრთხეს.
შეტევა ბელგოროდის ნავთობბაზაზე, რომელიც წუხელ ვერტმფრენებიდან განხორციელდა, რადიკალურად არ ცვლის ომის ბედს, თუმცა მას შეუძლია იმის დემონსტრირება, რომ უკრაინამ მოახერხა საკუთარი ავიაციის საბრძოლო მდგომარეობაში შენარჩუნება. ამ ფაქტს კი უკრაინული არმიის საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება შეუძლია.