როგორ მოვიქცეთ ცრემლსადენი გაზის ან წიწაკის სპრეის გაშვების შემთხვევაში – ექიმების რეკომენდაცია

ფოტო : ვახო ქარელი

პირველადი დახმარების ცენტრი მოქალაქეებისთვის რეკომენდაციების ჩამონათვალს აქვეყნებს, როგორ უნდა მოიქცნენ ცრემლსადენი გაზის ან წიწაკის სპრეის გაშვების შემთხვევაში:

მიუხედავად იმისა, რომ წიწაკის სპრეის და/ან ცრემლსადენი გაზის საწინაღმდეგო სწრაფმოქმედი ანტიდოტი არ არსებობს და სიმპტომები ერთი შეხედვით მწვავეა, რაც გამოიხატება სუნთქვის გაძნელებით, წვის შეგრძნებით, მხედველობის დროებითი გაუარესებით, ხველით და ა.შ. ის აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში არ არის სასიკვდილო და პირველ რიგში, ეცადეთ, არ აყვეთ პანიკას
  • გეკეთოთ ნიღაბი და დამცავი სათვალე.
  • უმჯობესია, მოიხსნათ ლინზები.
სპრეით/გაზით დაზიანების შემთხვევაში:
  • დატოვეთ ადგილი და გადაინაცვლეთ უსაფრთხო ადგილას;
  • თან იქონიეთ წყალი ან ფიზიოლოგიური ხსნარი (ალტერნატივად შესაძლოა გამოყენებულ იქნას რძეც) და ჩამოიბანეთ არე ხანგრძლივად (არ დაისხათ შუბლზე, ამან შესაძლოა ნივთიერება ”ჩარეცხოს” თვალებში);
  • არ ეცადოთ თვალის ძალით გახელას;
  • თუ ლინზა გიკეთიათ დაზიანების დროს, მოიხსენით ის სუფთა ხელებით;
მოიშორეთ დაბინძურებული ტანსაცმელი, მიიღეთ შხაპი, ჩამოიბანეთ შამპუნით ან საპნით ან გელით, გრილი/ნელთბილი წყლით 10 – 15 წთ-ს განმავლობაში, უწყვეტი ჭავლით;
არ დაიზილოთ დაზიანებული არე;

გაზით მოწამვლის შემდეგ, შესაძლოა, დაუყოვნებლივ გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:

  • ცრემლდენა, თვალების წვა, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, სიწითლე.
  • ცხვირიდან გამონადენი, წვა და შეშუპება.
  • პირის ღრუს წვა, გაღიზიანება, ყლაპვის გაძნელება, ნერწყვდენა.
  • გულმკერდში შებოჭილობის შეგრძნება, ხველა, მოხრჩობის შეგრძნება, ხმაურიანი სუნთქვა, ქოშინი.
  • კანის დამწვრობა, გამონაყარი.
  • გულისრევა, ღებინება.
სიმპტომების გაძლიერებისას, განსაკუთრებით თანმხლები ქრონიკული დაავადებების (მაგალითად ასთმა) შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

ცნობისთვის, გუშინ 7 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე შსს-მ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შედეგად ათობით მოქალაქემ სხვადასხვა ტიპის დაზიანებები მიიღო.