ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, როგორ უნდა მიიღონ 300–ლარიანი დახმარება იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება.
უწყების ცნობით, დახმარების მისაღებად სარეგისტრაციო განაცხადები უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიქტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge .
მათი განმარტებით, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულმა პირებმა თავად უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, ხოლო დასაქმებულებსა და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე, ინფორმაციას წარადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები. რეგისტრაციას ისინიც ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან გაივლიან.
“შეგახსენებთ, რომ არარეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები არიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც ფაქტობრივად ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება”, — აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
ისინი აღნიშნავენ, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.
300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის დასრულებიდან 2 დღის შემდეგ, პირს ეძლევა საშუალება, დააზუსტოს ინფორმაცია ან გაასწოროს შეცდომა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ეს ვადა 28 დეკემბრამდეა გაწერილი, რადგან 26-27 დეკემბერი არასამუშო დღეებია.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.
უწყება წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე, 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი.