აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ამბობს, რომ კორონავირუსის სტატისტიკაში არსებითად მნიშვნელოვანი მონაცემი მძიმე შემთხვევების რაოდენობაა, რის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას არ აქვს. გურული არ ასახელებს ქვეყანას და კონკრეტულ გვარებს, თუმცა საკუთარ სტატუსში ძირითადად საქართველოს და ქართველ ეპიდემიოლოგებს გულისხმობს:
“- არავისი აღარ გვჯერა – აცხადებს აღშფოთებული საზოგადოება. აწი, გადავხედოთ წინა სამი თვის მოსაზრებებს, რომელი ექსპერტი რას ამბობდა და რამდენად შეესაბამებოდა მათი წინასწარმეტყველებები სიტუაციის რეალურ განვითარებას და ვინც ყველაფერს ააცდინა, იმათ ნუღარ დავუჯერებთ. ფრიად მარტივია.
რაც შეეხება ახალი შემთხვევების დაფიქსირებას. ეს ახალი შემთხვევები სულ გაჩნდება აქა-იქ, სანამ ვირუსი თვითკონტროლის ვიწრო ჩარჩოებში არ მოექცევა; თანაც, მათი რაოდენობის ხელოვნური მანიპულირება მარტივადაა შესაძლებელი კონტროლირებადი ტესტირებით. ამიტომ, ის კი არ არის მთავარი, თუ რამდენი ახალი შემთხვევა დაფიქსირდება, არამედ ის, თუ რა რაოდენობით დაფიქსირდება მძიმე შემთხვევები. მხოლოდ მაგ სტატისტიკას აქვს არსებითი, გადამწყვეტი მნიშვნელობა, დანარჩენს ვერც ვერავინ დაითვლის და რომც დაითვალოს, სისულელეა, გამოუყენებელი ინფორმაციაა სრულიად. შეგახსენებთ, ერთადერთი ამოცანა, რომელიც მკაცრ ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებებს უნდა გადაეჭრა, იყო ის, რომ ქვეყანათა ჯანდაცვის სისტემები ისე არ უნდა დატვირთულიყო, რომ მათ ინტენსიურ განყოფილებებს მოწოლილი ნაკადისათვის ვერ გაეძლო. შესაბამისად, ამ ამოცანის კონტროლი მხოლოდ ერთი სტატისტიკის მიხედვით უნდა მოხდეს და ეს სტატისტიკა ახალი მძიმე შემთხვევების რაოდენობაა. მეტი არაფერი!
როდესაც მოქალაქეთა გადამწყვეტი უმრავლესობა არ ითხოვს ლოგიკას საკუთარი ექსპერტებისაგან, რჩება “მეექვსე გრძნობისა” და “გონიერი პოლიტიკოსების” ამარა. ასეთია რეალობა, ნებისმიერ ქვეყანაში, შესაბამისი შედეგებით.“– წერს ზურაბ გურული.