განსხვავებები არსებობდა ყოველთვის. ისტორიის ყველაზე მძაფრ წუთებშიც კი.
ასე იყო 1989 წლის 9 აპრილსაც. აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა მაშინაც, როცა არჩევნები ტარდებოდა და მრგვალი
მაგიდის გარდა სხვა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს; შეხედულებათა სხვაობა იყო რეფერენდუმის ჩატარების საჭიროებაზე; ყველა საკითხზე იყო სხვაობა.
აზრთა სხვადასხვაობა სამოქალაქო ომამდეც მისულა. მაგრამ დრო გავიდა, ისტორიამ პროცესი შეაფასა, ხალხმა დასკვნები გამოიტანა. გამოჩნდა, რა იყო უგუნურების ბრალი და რა გარედან წაქეზებით ჩადენილი.
და ახლა, როდესაც სახელმწიფო შემდგარია და ქვეყანა თავის
სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ბოლომდე იცავს, უცხო ძალამ კვლავ გადაწყვიტა მისი ფუნდამენტის მორყევა. კვლავ აამოქმედა სიძულვილის პროპაგანდა. მას სურს გაგვყოს და იბატონოს, დაგვიმორჩილოს და გვმართოს, ჩვენს ეროვნულ ინტერესად თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი შემოგვიცუროს.
1989 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ მოჩეხეს. დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას.
ეს დღეს აღარ გამოვა. ქართველმა
ხალხმა ისწავლა გაკვეთილი. ისწავლა და აირჩია ხელისუფლება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ბოლომდე დაიცავს.
ჩვენ ამ პროვოკაციას არ ავყვებით, ისინი ვერ ეღირსებიან თავიანთი სცენარის შესრულებას. ერთადერთი რაც ამ ქვეყანაში შესრულდება, ქართველი ხალხის დაკვეთაა.
ეს დაკვეთა თანასწორობა, სამართლიანობა, დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობაა.
ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო გაიმარჯვებს, 9 აპრილის იდეა და დაღვრილი სისხლი გაიმარჯვებს!”
თქვა შალვა პაპუაშვილმა.