როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა – კახა კალაძის განმარტება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ეკონომიკის გახსნის ეტაპები დაასახელა, კორონავირუსთან სიფრთხილე მაინც საჭიროა.

კალაძის განმარტებით, როგორც კი დარგის სპეციალისტები მერიას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის მოწოდებას და რჩევას მისცემენ, მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა პირდაპირ დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარებაზე.

,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან გაჟღერებული იყო ეტაპები შეზღუდვების მოხსნის, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ. ჩვენ ბრძოლა არ დაგვისრულებია. ბრძოლა გრძელდება. შესაბამისად, ყველას მინდა ვთხოვო, მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ არსებულ სიტუაციაში. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და როგორც კი იქნება დარგის სპეციალისტების მხრდინ რჩევა და მოწოდება, რომ შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაშვება, მაშინვე იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება“, – თქვა კალაძემ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა. აკრძალულია ასევე საქალაქთაშორისო მოძრაობაც.

ხვალიდან აღდგება ავტომანქანებისა და ტაქსების ოპერირება, თუმცა დარჩება მძღოლის გვერდით ჯდომისა და 3-ზე მეტი პირის გადაყვანის აკრძალვა. ამასთან, ტაქსებს მოუწევთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა.