ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კირონავირუსის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, მარტის თვეში იქნება.
მისი ინფორამციით, ვაქცინისთვის 16 მილიონია გადახდილი.
„საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ვაქცინების გლობალურ ალიანსთან, რაც მნიშვნელოვანი განაცხადი და პლატფორმაა იმისათვის, რომ მოვახდინოთ უზრუნველყოფა ჩვენი მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციის. ჩვენ თანხა გვაქვს გადახდილი, რაც ლეგიტიმურ უფლებას გვაძლევს როგორც ვაქცინის შეძენაზე, ასევე ვაქცინის არჩევასთან დაკავშირებით. მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ სამინისტროს ფარგლებში შექმნილია უწყებათაშორისო კომისია, რომელიც ყველა მიმართულებით მუშაობს, როგორც ვაქცინის შეძენის კომპონენტზე, ასევე გარე და შიდა ლოჯისტიკურ კომპონენტზე.
გარდა ამისა, გამოყენებული გვაქვს არაერთი საერთაშორისო ბერკეტი იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან საჭირო მარაგების მოძიება მოხდეს. ის მნიშვნელოვანი სტუმარი ბატონი კლუგე, რომელიც საქართველოში იყო, ჩვენს აქტივობას მხარს უჭერს და მაღალი ტრიბუნიდან იმ საჭიროებებს დაასახელებს, რაც ქვეყანას სჭირდება. იმ მონაცემებით, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებიდან გვაქვს, სავარაუდოდ, ვაქცინა მარტში გამოჩნდება. 16 მილიონი არის გადახდილი ამ ეტაპზე, რაც წარმოადგენს 25 პროცენტს საერთო ღირებულების”,- განაცხადა ტიკარაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში COVID-ვაქცინის შემოსვლის შემდეგ პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი აიცრება.
შემდეგ აიცრებიან მოხუცთა სახლების ბინადარნი, ხოლო მოგვიანებით ასაკის მიხედვით, თანმიმდევრობით – 75 წელს ზემოთ, შემდეგ 65 წელს ზემოთ და ა.შ. ქვეყანაში ვაქცინას პირველად ამირან გამყრელიძე გაიკეთებს.