უკრაინაში ომის დაწყების წინ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და უკრაინის საკითხებში კრემლის კურატორი, დმიტრი კოზაკი ეუბნებოდა პუტინს, რომ მოლაპარაკებას მიაღწია უკრაინელებთან ნატოში შესვლაზე უარის შესახებ. ამის შესახებ ექსკლუზიურ მასალაში სააგენტო როიტერი წერს. სააგენტო რუსეთის ხელისუფლებაში სამ წყაროს ეყრდნობა.
აქამდე ამის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.
როიტერის ინფორმაციით, კოზაკმა უთხრა პუტინს, რომ შეთანხმების წყალობით, რომელსაც მან უკრაინულ მხარესთან მიაღწია, უკრაინაში შეჭრის და მისი ოკუპაციის აუცილებლობა აღარ იყო.
საპასუხოდ პუტინმა მას ნათლად გააგებინა, რომ დათმობები, რომლებსაც კოზაკმა მიაღწია არასაკმარისია და მისი მიზნები უფრო ფართოა და მათ შორის არის უკრაინის ნაწილების ანექსირება – ამბობენ წყაროები. შედეგად შეთანხმება ჩაიშალა.
პუტინი არაერთხელ ამბობდა, რომ ნატოს გაფართოება და რუსეთის საზღვრებთან ალიანსის მიახლოება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, მიუხედავად ალიანსის და აშშ–ს ხელმძღვანელობის არაერთი განცხადებისა, რომ ნატოში უკრაინის შესვლის საკითხი არ განიხილებოდა.
სწორედ უკრაინის ნატოში შესაძლო შესვლა იყო უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის პუტინის მიერ გაცხადებული მოტივი.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანი, დიმიტრი პესკოვი როიტერის ინფორმაციას უარყოფს.
“მას რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. ასეთი რამ არასოდეს ყოფილა. ეს სრულიად არასწორი ინფორმაციაა“– თქვა პესკოვმა, თუმცა როიტერი იხსენებს, რომ ომის დაწყების წინ კრემლის პრესსპიკერი ასევე კატეგორიულად უარყოფდა უკრაინაზე თავდასხმის გეგმის არსებობას.
როიტერი ხაზს უსვამს, რომ ომის დაწყებიდან 6 თვის თავზე კოზაკი ისევ კრემლის ადმინისტრაციის მეთაურის მოადგილის პოსტზეა, თუმცა სააგენტოს ექვსმა თანამოსაუბრემ უთხრა, რომ მას უკრაინის თემატიკასთან საერთო აღარ აქვს.